ივანიშვილის პარლამენტი

აქ სიტყვა ღალატის თქმას არავინ შეგარჩენთ - ბითაძე გახარიას პარტიის დეპუტატებს

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ივანიშვილის დეპუტატმა, მაია ბითაძემ გახარია-საქართველოსთვის წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ თუ ისინი პარლამენტში სამუშაოდ შევიდნენ, მაშინ თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიცაა: ღალატი და ლეგიტიმაცია. 

"ჩვენს ახალშემოერთებულ კოლეგებს ვუსმენდი და მეგონა, რომ მხატვრული კითხვის, ან პროზის საღამოზე ვიყავი - იმიტომ, რომ წინასწარ მომზადებული რაღაც აბსტრაქტული ტექსტებით გვესაუბრებოდნენ და ევროინტეგრაციაზე საყვედურს ამბობდნენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად, ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რა გზაც ევროინტეგრაციის მოპოვებისა და სხვადასხვა წარმატების მიღების კუთხით ქართულ ოცნებას გაგვიკეთებია [...]

გირჩევთ, რომ პარლამენტში სამუშაოდ თუ შემოხვედით, თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვებისგან, როგორიცაა: ლეგიტიმაცია, ღალატი, ევროინტეგრაცია [...] თუ ქართველი ხალხისთვის რაიმეს გაკეთება გინდათ, მაშინ აქ მხატვრული კულტურის საღამოების გაგრძელებისგან თავი შეიკავეთ და რეალური ქმედებები დაიწყეთ - მათ შორის, საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა [...] ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ ისეთი სიტყვის წარმოთქმას, როგორიცაა ღალატი". - უთხრა ბითაძემ გახარიას პარტიის დეპუტატებს.

დღეს, 28 ოქტომბერს, გახარია-საქართველოსთვის დეპუტატები ივანიშვილის პარლამენტში შევიდნენ და სხდომას ესწრებიან.

კომენტარები