პარტია გახარია - საქართველოსთვის ივანიშვილის პარლამენტში და საკრებულოში შესვლასა და მანდატების გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის თქმით, პარტია "ოცნების მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს", ხოლო მანდატების გამოყენება და პარლამენტსა და საკრებულოში შესვლა "არ ნიშნავს პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას".
"დღეს ჩვენ პოლიტიკური ძალა "გახარია საქართველოსთვის" ვიწყებთ "ოცნების" მოძალადე რეჟიმთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რისთვისაც, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რასაც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა ჰქვია - ჩვენი პარლამენტი შემოსვლა არ ნიშნავს ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას ან არ მიცემას.
მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც საქართველოს პარლამენტში, რომელიც მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, ერთი წელია საკუთარი წარმომადგენლებისგან განსხვავებული აზრის დაბრუნებას ელოდა, თუმცა ამ დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიის პროპაგანდისტული გზავნილები ისმოდა, რასაც სიმართლესთან კავშირი არ ჰქონია და მხოლოდ საზოგადოების მოტყუებას და შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.
ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულიად გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რაც ამ ერთი წლის მანძილზე დავუშვით და ეს, უპირველესად, საპარლამენტო ბოიკოტს ეხება.
უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ ოცნების ძალადობის მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია!
სამწუხაროდ, ბოიკოტისა და 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული „მშვიდობიანი დამხობის“ ტოტალური კამპანიის ფონზე, რასაც განსაკუთრებული მონდომებით სწორედ სახელისუფლო პროპაგანდისტული მედია აშუქებდა, მოსახლეობის ნაწილმა მართლაც დაიჯერა, რომ არჩევნების ნაცვლად,
„მშვიდობიანი დამხობა“ მოიტანდა პოლიტიკური ცვლილებას.
ოცნებას კი, რომელსაც მის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულისა და ძალადობის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი ჰქონდა, საშუალება მიეცა, დრო მოეგო და ხალხი „მშვიდობიანი დამხობის“, როგორც არსებული მწვავე რეალობის კიდევ უფრო უარესი ალტერნატივის დადგომის საფრთხით დაეშინებინა.
სწორედ ამ შიშის ფაქტორით მოახერხა ოცნებამ ეტაპობრივად დაებრუნებინა დაკარგული ამომრჩეველი და, შესაბამისად, ლეგიტიმაციის კრიზისი დაეძლია.
თუმცა პირდაპირ ვამბობთ, რომ დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად წახალისების გარეშე ამას ვერ შეძლებდით!
ამიტომაც, 4 ოქტომბრის პროვოკაციის მძიმე შედეგებზე, რამაც ქვეყანა დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიიყვანა, პასუხისმგებლობას ვერც თქვენ გაექცევით, რადგან როგორც მინიმუმ დროულად არ აღკვეთეთ ეს პროვოკაცია და სახელმწიფო ასეთ რისკებში შეიყვანეთ და ვერც ის უპასუხისმგებლო პროვოკატორი პოლიტიკოსები გაექცევიან, ვინც პირდაპირ თუ ირიბად 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ ორგანიზებაში ან მის წახალისებაში მონაწილეობდნენ, გნებავთ დამნაშავის და გნებავთ სასარგებლო იდიოტის როლში, როცა 4 ოქტომბერს ხალხს არჩევნების ნაცვლად „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
ამიტომ ვამბობთ, რომ ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას შეცდომა, დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა!
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის მთავარი ღირებულება და საზრუნავი ქართველი ხალხია – ერთის მხრივ ოცნებისგან მოტყუებული და პროპაგანდის მსხვერპლი, მეორეს მხრივ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობათა გამო იმედგაცრუებული ჩვენი მოქალაქეები.
ამიტომ, სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემით, იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან ერთი წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე და მარტო დაგტოვეთ ამ დარბაზში, მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში, რომელიც არ გეკუთვნით არც თქვენ და არცერთ სხვა პარტიას, არამედ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხს!
ხალხს, რომელიც ოცნების პროპაგანდისტული რეჟიმის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა, იმ რეჟიმის პირისპირ, რომლის კანონებითაც, სამწუხაროდ, იმართება დღეს ქვეყანა და რის საფუძველზეც უამრავი ადამიანია დაჭერილი! ამიტომ, ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებაშია.
სიმართლე მწარეა და ამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ ჩვენგან პარლამენტში, რომელიც, უნდა შეეგუოთ, რომ დღეიდან თქვენი პარტიული ოფისი აღარ იქნება და აქ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს ჩვენგან გაიგონებთ!
ჩვენ გვჯერა, რომ ოცნების მოძალადე რეჟიმთან პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლით მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან წესრიგს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას!". - თქვა პარტია გახარია - საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე.





