პროკურატურის ცნობით, 20 ოქტომბერს, კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული უკანონოდ ინახავდა 2 პირის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, ერთ-ერთს კი კადრების გავრცელების მუქარით 4 000 ევრო გამოსძალა.
"კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ ინახავდა ორი დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. მანვე ერთ-ერთ დაზარალებულს ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით 4000 ევრო გამოსძალა. თანხის დაუფლების შემდეგ კი ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა". - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა, გამოყენება და გავრცელება) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით (გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობითვე, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.





