ნობელის მშვიდობის პრემია

ვენესუელამ ოსლოში საელჩო დახურა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერ ლიდერს ნობელის პრემია გადაეცა

ვენესუელამ ნორვეგიაში საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა. 

ვენესუელას ოფიციალურ განცხადებაში მაჩადოსთვის პრემიის გადაცემა ნახსენები არ არის და საელჩოს დახურვის მიზეზად "უცხოეთში სამსახურების რესტრუქტურიზაცია" დაასახელა. 

ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ მაჩადოს პრემია "მზარდ სიბნელეში დემოკრატიის ალის შენარჩუნების გამო" გადასცეს.

"მისი დაუღალავი შრომისთვის, რომელიც ვენესუელელი ხალხისთვის დემოკრატიულ უფლებების უჭერს მხარს და მისი ბრძოლისთვის, რათა მიღწეული იყოს დიქტატურიდან დემოკრატიაში სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლა." - წერს ნორვეგიული ნობელის კომიტეტი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარაკასის ნაბიჯს დასანანი უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ნობელის კომიტეტი მსგავს გადაწყვეტილებებს ნორვეგიის მთავრობისგან დამოუკიდებლად იღებს. 

"არაერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, ნორვეგიას აქვს სურვილი შეინარჩუნოს ღია დიალოგი ვენესუელასთან და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას" – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მაჩადოს თქმით, ჯილდოს ვენესუელის ხალხსა და აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს უძღვნის.

"ამ ჯილდოს ვენესუელის ტანჯულ ხალხსა და ჩვენი მიზნისადმი მისი გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტრამპს ვუძღვნი" – ამბობს ოპოზიციონერი. 

კომენტარები