სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.
ბურჯანაძემ 13 ოქტომბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა: "2025 წელს, იანვრიდან აგვისტომდე 1 532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში! 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100-ით მეტი ქალი და 1 432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში".
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მათივე ცნობით, ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული/ბრალდებულის განთავსების მაქსიმალური ლიმიტი 12 332, 13 ოქტომბრის მდგომარეობით კი ქვეყანაში სასჯელს 10 528 პირი იხდის. პენიტენციური აღნიშნავს, რომ 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, დაწესებულებებში უფრო მეტი მსჯავრდებული/ბრალდებული იყო განთავსებული, ვიდრე 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და წარმოადგენს არსებული რეალობის არასწორი ინტერპრეტაციით მიწოდების მცდელობას.
"პენიტენციური დაწესებულებების შესახებ" ბრძანების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგალითად 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10 457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10 445-ს.
ასევე, აღსანიშნავია რომ, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2025 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა საერთო ჯამში 617 ბრალდებული/მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 137, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში 480". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებისგან, "რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას".
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად ბურჯანაძეც, რომელმაც გამოაქვეყნა ბმულები, რაზე დაყრდნობითაც ეწერა მონაცემები.
"ამ განცხადებით კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ოქტომბერში (აგვისტოს შემდეგ) კიდევ გაზრდილა პატიმრების საერთო რაოდენობა 404 პატიმრით და დღეს ჯამურად 10 528 პატიმარი გვყოლია". - წერს ბურჯანაძე.





