იაპონია

იაპონიის მმართველი კოალიცია დაიშალა, რამაც შესაძლოა, ახალი პრემიერის დამტკიცება გაართულოს

იაპონიის მმართველი კოალიცია დაიშალა, რამაც შესაძლოა, სანაე ტაკაიჩის პრემიერნისტრად არჩევა გაართულოს.

ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად კონსერვატორი სანაე ტაკაიჩი დაასახელა, რომელიც არჩევის შემთხვევაში, იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერმინისტრი იქნება. 

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კოალიცია პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოალიციას პარტია კომეიტო ტოვებს, რის შემდეგაც ტაკაიჩის შესაძლოა პრემიერმინისტრად არჩევისთვის საკმარისი ხმები არ ეყოს. 

არსებული ინფორმაციით, 10 ოქტომბერს შედგა შეხვედრა ტაკაიჩისა და კომეიტოს ლიდერს, ტეცუო საიტოს შორის, რის შემდეგაც სეიტომ განაცხადა, რომ ორ პარტიას შორის 26-წლიანი პარტნიორობა დასრულდა. გადაწყვეტილების მიზეზად  საიტო ასახელებს, რომ ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ საჭირო ნაბიჯები არ გადადგა მის გარშემო არსებული პოლიტიკური დაფინანსების სკანდალის მოსაგვარებლად. მისი თქმით, კომეიტო საპარლამენტო კენჭისყრაზე ტაკაიჩის მხარს არ დაუჭერს.

ტაკაიჩიმ კომეიტოს გადაწყვეტილებას "ძალიან დასანანი" უწოდა, თუმცა ასევე ახსენა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა პარლამენტის მხარდაჭერა მოიპოვოს.

კომენტარები