პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ყალბი იდენტობების სავარაუდო მიწოდების გამო ბრალი წაუყენეს პირს, რომელიც წარსულში ვარშავის საკრებულოს დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების რეესტრის თანამშრომელი იყო.
პროკურორები ამბობენ, რომ ბრალდებული, სავარაუდოდ, პოლონეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამოქალაქო ჩანაწერების ასლებს ქმნიდა, რითაც უცხოურ სადაზვერვო სამსახურებს ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შექმნის საშუალებას აძლევდა.
ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, ტომაშ ლ.-ს ბრალი ჯაშუშობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით წაუყენეს.
ხელისუფლების თქმით, ბრალდებული კაცი რუსეთს ინფორმაციას 2017-2022 წლებში, ვარშავის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრის არქივში მუშაობის დროს, აწვდიდა.
ტომაშ ლ. 2022 წლის მარტში დააკავეს. პოლონური გაზეთის, Rzeczpospolita-ს ცნობით, მისი დაკავების შემდეგ მიღებულმა ინფორმაციამ ხელი შეუწყო იმავე თვეს რუსი დიპლომატების გაძევებას.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებამ მოსკოვის სახელით ჯაშუშობასა თუ დივერსიაში ათობით ადამიანი დაადანაშაულა.





