პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი მისი ეროვნული საბჭოს წევრის, ნათია ხარატის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმიანება და წერს, რომ აღნიშნული ქმედება მოქალაქეების დაშინებას ემსახურება და "დასტურია იმისა, რომ ოცნებას ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების".
"თავისუფლების მოედანი ვაპროტესტებთ ჩვენი ეროვნული საბჭოს წევრის, ნათია ხარატის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივებით, რითაც საავადმყოფოს დირექტორმა არალეგიტიმური პარტიული ინტერესის გამო საფრთხის ქვეშ დააყენა პაციენტებისა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
ნათია ხარატის სამსახურიდან უსაფუძვლოდ, გაუფრთხილებლად და მოულოდნელად დათხოვნა, როგორც თავად საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ნათიას ღიად განუცხადა — "ფეისბუქ პოსტებისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო" — კანონის უხეში დარღვევაა და მასზე პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.
ნათია ხარატის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება, ასევე, ემსახურება ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების დაშინებას და სხვებისათვის იმის ჩვენებას, რომ მათ პრობლემები შეექმნებათ, თუკი მოედნის მხარდამჭერები გახდებიან. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოცნებას ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების, რომლებშიც პატიოსანი და პროფესიონალი მოქალაქეები წევრიანდებიან. თავისუფლების მოედნის წევრებსა და მხარდამჭერებს ზეწოლით ვერ შეაშინებენ და ამით კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს ერთიანობას.
მოვითხოვთ შეხვედრას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორთან, რათა განგვიმარტოს საკუთარი გადაწყვეტილების მოტივი.
საჯარო სამსახურების, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროს დაწესებულების პარტიული კონტროლისგან გათავისუფლება თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საკუთარი პოლიტიკური პოზიციების თავისუფლად გამოხატვა და ამას აუცილებლად მივაღწევთ, როდესაც ქვეყანას ოცნების კორუმპირებული და ბანდიტური მმართველობისგან საბოლოოდ გავათავისუფლებთ". - ნათქვამია განცხადებაში.





