ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ტრამპმა Axios-ს უთხრა, რომ 'დიდი ალბათობით' ისრაელში ჩავა ქნესეთში სიტყვით გამოსვლის მიზნით

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
Mandel Ngan/AFP via Getty

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ "დიდი ალბათობით მომდევნო დღეებში ისრაელში" ჩავა, რათა ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფონზე, ქნესეთში - ქვეყნის პარლამენტში - სიტყვით გამოვიდეს.

ჰამასსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების გამოცხადებიდან მალევე გამოცემასთან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ "ეს დიდებული დღეა ისრაელისთვის და მსოფლიოსთვის."

Axios-ს ტრამპმა უთხრა, რომ "დიდებული" სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. 

"ის ძალიან ბედნიერია. უნდა იყოს. დიდი მიღწევაა. მთელი მსოფლიო გაერთიანდა ამ შეთანხმების მისაღწევად, მათ შორის, მტრული სახელმწიფოებიც," თქვა ტრამპმა. 

8 ოქტომბერს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელი და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია "სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე" შეთანხმდნენ, რის ფარგლებშიც ჰამასი ყველა მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო ისრაელი ღაზის სექტორში სამხედროებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს.

"ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია გამოვაცხადო: ისრაელმა და ჰამასმა ორივემ ხელი მოაწერა ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი მათ სამხედროებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯები იქნება მტკიცე, გამძლე და სამუდამო მშვიდობისკენ." - დაწერა ტრამპმა. 

სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მხარეებს შორის მოლაპარაკებები ეგვიპტეში გაიმართა, სადაც ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი (ტრამპის სიძე) 8 სექტემბერს ჩავიდნენ.

ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლების გარდა, მოლაპარაკებებში კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ გაგზავნილი შუამავლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

გამოცემა Axios-ის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება ტრამპის მიერ გასულ კვირას გამოცხადებულ 20-პუნქტიან გეგმას.

თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ შესათანხმებელი რჩება ისეთი საკამათო საკითხები, როგორებიცაა ჰამასის განიარაღება და სამომავლოდ ღაზის სექტორის მმართველობითი სტრუქტურა.

ამასთან, Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასი ღაზაში დარჩენილ ცოცხალ მძევლებს შაბათს გაათავისუფლებს. Axios-ის მიხედვით, მძევლების გათავისუფლება ისრაელის კაბინეტის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 72 საათში მოხდება.

შეთანხბემის გამოცხადების შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობის მოწვევას დღესვე აპირებს: "ჩვენს ყველა ძვირფას მძევალს სახლში დავაბრუნებთ." - დაამატა მან. 

კომენტარები