ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

კატარი ღაზასთან მიმართებით ისრაელისგან "მყარ და წერილობით" გარანტიებს მოითხოვს

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაჯედ ალ-ანსარიმ საუდის არაბეთის მედიასთან საუბრისას თქვა, რომ "მყარ, წერილობით გარანტიებს" მოითხოვს, რომ ისრაელი ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ სამშვიდობო შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს. 

მინისტრის თქმით, კატარი უზრუნველყოფს, რომ ის პირობები, რაც ახლა ეგვიპტეში მოლაპარაკების დროს განიხილება, კერძოდ: ტყვეების დაბრუნება, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ბრძოლის შეწყვეტის საპასუხოდ ისრაელი ღაზიდან გავა და შესაძლებელი იქნება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. 

"ეჭვი არ მეპარება, რომ მოლაპარაკების ეს რაუნდი არის პროცესი, რომლითაც ყველა მონაწილე მხარე ცდილობს მიაღწიოს კონსენსუსს, მაგრამ ბევრი დეტალი არის განსახილველი" – ამბობს ალ-ანსარი.

1 ოქტომბერს გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ კატარი, ეგვიპტე და თურქეთი ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას მოუწოდებენ, პოზიტიური პასუხი გასცეს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, რომელიც ღაზის სექტორში ომის დასრულებას გულისხმობს. 

ერთ-ერთი წყაროს თქმით, მაშინ, როცა 29 სექტემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა სამშვიდობო გეგმა მსოფლიოს წარუდგინა, კატარის პრემიერმინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ და ეგვიპტის დაზვერვის დირექტორმა, ჰასან რაშადმა გეგმა დოჰაში ჰამასის ლიდერებს გააცნეს. 

წყაროს მიხედვით, ორივე მათგანმა ჰამასს პირობებზე დათანხმებისკენ მოუწოდა, ხოლო კატარის პრემიერმა ჰამასის ლიდერებს ურჩია, რომ ამაზე უკეთესს შეთანხმებას ვერ მიიღებდნენ. საკითხზე ინფორმირებული წყარო ასევე ამბობს, რომ თავის მხრივ, ჰამასის ლიდერებმა თქვეს, რომ წინადადებას გაეცნობოდნენ. 

ალ თანი და რაშადი ჰამასის ლიდერებს მომდევნო დღესაც შეხვდნენ, ამჯერად თურქეთის დაზვერვის დირექტორთან, ებრაჰიმ კალინთან ერთად. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას 3-4 დღე აქვს მისი ადმინისტრაციის მიერ ღაზის სექტორისთვის შემუშავებული სამშვიდობო გეგმის მისაღებად. 

მან რეპორტიორებს უთხრა, რომ ისრაელი და არაბი ლიდერები გეგმას დათანხმდნენ და ახლა "ჩვენ მხოლოდ ჰამასს ველოდებით." ტრამპის თქმით, ჰამასს პასუხის გასაცემად დაახლოებით "სამი ან ოთხი დღე" აქვს.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა ღაზის სექტორისთვის.

გეგმის საჯაროდ წარდგენის შემდეგ ჰამასის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ განაცხადა, რომ "ტრამპის გეგმა ისრაელის ხედვას იმეორებს," თუმცა დაამატა, რომ ისინი წინადადებას სხვა პალესტინურ დაჯგუფებებთან ერთად განიხილავენ. 

კომენტარები