არჩევნები სირიაში

ასადის დამხობის შემდეგ სირიაში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

Louai Beshara/AFP/Getty Images

5 ოქტომბერს, ბაშარ ალ-ასადის გადაყენების შემდეგ პირველად სირიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბებული ასამბლეის უმთავრესი მიზანი ახალი საარჩევნო სისტემისა და კონსტიტუციის შექმნა იქნება.

ახალდ დანიშნული სახალხო ასამბლეა 210 ადგილს მოიცავს, რაც ალ-ასადის მმართველობის სისტემისგან განსხვავებით 40-ით ნაკლებია. ახალი წევრები მანდატებს ორ-ნახევარწლიანი ვადით დაიკავებენ.

არაპირდაპირი არჩევნების ფარგლებში, 210-ადგილიანი პარლამენტის ორი-მესამედი 7 000-მდე წევრისგან შემდგარმა რეგიონულმა საარჩევნო კოლეგიებმა აირჩიეს, ამის შემდეგ კი ახალი მთავრობის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა პარლამენტში ადგილების ბოლო ერთ-მესამედს თავადვე დანიშნავს.

არჩევნებამდე, 3 ოქტომბერს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნების ნაცვლად ამ სისტემას მოსახლეობის რაოდენობისა და მონაცემების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო მიმართეს, რაც გამოწვეულია ომის შედეგად მილიონობით სირიელის იძულებით გადაადგილებით. 

მათი ცნობით, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური მიზეზების გამო სირიის ჩრდილო აღმოსავლეთში საარჩევნო პროცესის გადადება გადაწყვიტეს, რადგან ამ ტერიტორიას ქურთები აკონტროლებენ. შეზღუდვა შეეხო დრუზი შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად სუვეიდის პროვინციასაც. შესაბამისად პარლამენტში 21 ადგილი ვაკანტური დარჩა.

არჩევნების შედეგად, ასამბლეაში ექვსი მანდატი ქალმა მოიპოვა. ამასთან, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ჯამში 10 ადგილის დაკავება შეძლეს, მათ შორის არიან ქურთები და ქრისტიანებიც. ამავდროულად, მანდატი ასადის მშობლიური თემის - ალავიტების ორმა წევრმაც მიიღო. 

ცნობისთვის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს პარლამენტში 250 მანდატი იყო, რომლის ორ-მესამედსაც ასადის პარტია წარმოადგენდა.

კომენტარები