რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: აშშ-ს სახდეპის დოკუმენტის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის მხარეს 5000-მდე კუბელი იბრძვის

სურათი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის მხარეს მებრძოლმა კუბელმა სამხედრომ, რაიბელ პალაციომ, თავის ცოლს გაუგზავნა რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ფრონტის ხაზზე დრონი მოკლავდა
HERRERA Family/WSJ

გამოცემა Reuters-ის მიერ მოპოვებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტი აჩვენებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი დიპლომატების მობილიზებას იწყებს, რათა ლობირება გაუწიოს ძალისხმევას გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ვაშინგტონს კუბაზე ათწლეულოვანი ემბარგოს მოხსნისკენ მოუწოდებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ძალისხმევის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კუბის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის დეტალებზე ინფორმაციასაც გაასაჯაროებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის კამპანიის ფარგლებში, ამერიკელი დიპლომატები სხვა ქვეყნებს ეტყვიან, რომ კუბის მთავრობა აქტიურად ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 5 000-მდე კუბელი მებრძოლის მეშვეობით, რომლებიც რუსული ძალების გვერდიგვერდ იბრძვიან. 

გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში წერია, რომ გაეროს არასავალდებულო რეზოლუცია, რომელსაც 1992-დან მოყოლებული გენერალური ასამბლეა დიდი უპირატესობით ყოველწლიურად იღებს, "არასწორად" სდებს ბრალს აშშ-ს კუბის პრობლემების გამო, რაც კუბაში არსებული "კორუფციითა და არაკომპეტენტურობითვეა" გამოწვეული. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის მიზანია, მნიშვნელოვნად შემცირდეს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა. ცნობისთვის, გასულ წელს რეზოლუციას 187-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარის. მოწინააღმდეგეები მხოლოდ აშშ და ისრაელი იყვნენ, ხოლო მოლდოვამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ჰავანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გააძლიერა და კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეიყვანა და, სხვა ზომებთან ერთად, მის წინააღმდეგ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები გაამძაფრა.

"'არას' ხმები სასურველია, მაგრამ თავის შეკავება ან არ გამოცხადება/ხმის არ მიცემაც ხელსაყრელია," წერია დოკუმენტში, რომელშიც აშშ-ს სახდეპი ასევე ამატებს, რომ ვაშინგტონს ამ ძალისხმევაში "მოკავშირეები და თანამოაზრე პარტნიორები" სჭირდება. 

კომენტარები