გენერლები, მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა სოციალურ ქსელში 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ "მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით - ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს".
ყურაშვილის და გოგავას განცხადებაში ნათქვამია, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან "ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას" და ყველას მოუწოდებენ "თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს".
"ბოლო სამი ათწლეულია ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში მუდმივ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება შემცირებულიყო, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას, მათ შორის ახალგაზრდების პატიმრობით. როგორც ჩანს, არც ამ დღეებში აპირებენ უკანდახევას და რაიმე კომპრომისზე წასვლას.
ამავე დროს, მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით - ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას! გენერალი მამუკა ყურაშვილი, გენერალი ზაზა გოგოვა!" - ნათქვამია ყურაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალი ზაზა გოგავას და 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის წულუკიანის კომისიაზე დაბარების შემდეგ ყურაშვილმა და გოგავამ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვეს, რადგან, მათი თქმით, თავს ვალდებულად თვლიდნენ ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ეპასუხათ ნებისმიერი შეკითხვისთვის, "თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში".





