აშშ-ს მთავრობის დახურვა

აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა

აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა, რადგან სენატი ბიუჯეტის კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა

რესპუბლიკელმა სენატორებმა, რომლებიც სენატის უმრავლესობას წარმოადგენენ და 53 ადგილი უკავიათ, ე.წ. გამაგრძელებელი რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც დამატებითი ინიციატივების გარეშე არსებული ბიუჯეტის დაფინანსების გაგრძელებას გულისხმობს.

ბიუჯეტის კანონპროექტის დასამტკიცებლად სენატში 60 ხმა არის საჭირო და, შესაბამისად, რესპუბლიკელებს დემოკრატების მხარდაჭერა სჭირდებოდათ. თუმცა, დემოკრატებმა კანონპროექტში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები მოითხოვეს, რაზეც სენატორები ვერ შეთანხმდნენ.

რესპუბლიკელების წარდგენილ კანონპროექტს 55-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 45-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

დემოკრატების მიერ წარდგენილი ინიციატივები მოიცავდა დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის ჯანდაცვის სუბსიდიების გაგრძელებასა და სახელმწიფო პროგრამა Medicaid-ისთვის ფედერალური დაფინანსების შემცირების გაუქმებას.

მთავრობის დახურვის გამო ფედერალური დაფინანსება შეწყდება, რის გამოც ფედერალური მთავრობის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ხელფასს არ მიიღებს, ნაწილი უხელფასო შვებულებაში იქნება, ნაწილი კი მუშაობას უხელფასოდ განაგრძობს. 

მანამდე, თეთრი სახლის ვებგვერდზე წამზომი იყო გამოსახული, რომელიც მთავრობის დახურვამდე დროს ითვლიდა - მუშაობის შეჩერების შემდგომ კი ვებგვერდზე დაიწერა, რომ "დემოკრატებმა მთავრობა დახურეს" და "ამერიკელები დემოკრატების ქმედებებს არ ეთანხმებიან". 

საქართველოში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ მთავრობის დახურვის გამო მათი Facebook-ის გვერდი რეგულარულად არ განახლდება.

"ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.

ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში". - წერია საელჩოს განცხადებაში

კომენტარები