გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

კახი მეტრეველმა, რომელსაც ბაჩიაშვილი მასზე თავდასხმაში ადანაშაულებდა, საპატიმრო დატოვა

გიორგი ბაჩიაშვილი

კახი მეტრეველმა, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი მასზე თავდასხმაში ადანაშაულებდა, საპატიმრო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა.

იუსტიციის სამინისტროში ტაბულას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს და უთხრეს, რომ მეტრეველს პატიმრობის ვადა ამოეწურა. მათივე თქმით, მან საპატიმრო გათვალისწინებულ ვადაში დატოვა და შეღავათი არ შეხებია. 

გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში მოინახულა მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა. უფლებადამცველმა გიორგი ჩიკვაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და ბაჩიაშვილთან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლა მოითხოვა.

ჩიკვაიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილზე თავდასხმა იგეგმება.

"მოვითხოვ სახალხო დაცმველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდეს ბაჩიაშვილს, როგორც ხვალ, ასევე ზეგ, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ შაბათ-კვირაა და ადვოკატებს უქმე დღეებში პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა შეზღუდული გვაქვს. ვინაიდან, ინფორმაცია შინაარსობრივად არის ძალიან მძიმე და შეიცავს აშკარა დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაიწყოს გამოძიება, და ჩატარდეს გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ღონისძიება. აუცილებელია, მასთან საკანში იმუოფებოდნენ შედარებით დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულები". - თქვა ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა TV პირველის ცნობით.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტი მალევე დაადასტურა კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით ამტკიცებდა, რომ "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".

თავად ბაჩიაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების “უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას” უკავშირებს.

მიმდინარე წლის 21 აგვისტოს N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს. 

კომენტარები