22 სექტემბრის საღამოს უცნობმა დრონებმა დანიისა და ნორვეგიის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს, რის გამოც კოპენჰაგენსა და ოსლოში აეროპორტები რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად დაიკეტა.
კოპენჰაგენის პოლიციამ განაცხადა, რომ აეროპორტთან ახლოს ორი ან სამი დიდი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.
როგორც გამოცემა Reuters წერს, კოპენჰაგენის პოლიციის უფროსის ასისტენის მოადგილემ, იაკობ ჰანსენმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ დანიისა და ნორვეგიის სამართალდამცავები ორ შემთხვევას შორის შესაძლო კავშირის დასადგენად ითანამშრომლებენ.
"პოლიციამ ინტენსიური გამოძიება დაიწყო იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის დრონები არის ეს. დრონები გაქრა და არცერთი მათგანი არ მოგვიპოვებია". - თქვა ჰანსენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორთან, კრისტალინა გეორგიევასთან შეხვედრაზე რუსეთის მიერ NATO-ს ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევები განიხილა და დანიაში დრონების შეჭრაშიც რუსეთი დაადანაშაულა.
"განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რუსეთის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევას, მათ შორის, 22 სექტემბერს კოპენჰაგენში. გავცვალეთ მოსაზრებები მათი შესაძლო მიზეზების შესახებ. თუკი მოკავშირეების, როგორც სახელმწიფოების, ისევე დაწესებულებების, მხრიდან აგრესიულ პროვოკაციებზე მტკიცე პასუხი არ იქნება, რუსეთი მათ განაგრძობს". - დაწერა ზელენსკიმ.
FlightRadar-ის მონაცემებით, ქალაქის აეროპორტმა მუშაობა ადგილობრივი დროით საღამოს 8:26 საათზე შეწყვიტა და დაახლოებით 50 ფრენა სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
აეროპორტმა მუშაობა დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ აღადგინა, თუმცა X-ზე ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი ფრენა კვლავ გაუქმებული იყო და შეფერხებები კვლავ იქნებოდა.
ამასთან, დრონები ნორვეგიის აეროპორტთანაც შენიშნეს, რის გამოც ის დაიკეტა და ყველა ფრენა უახლოეს აეროპორტში გადამისამართდა.
მოგვიანებით, აეროპორტის ოპერატორი კომპანიის, Avinor-ის სპიკერმა განაცხადა, რომ აეროპორტი ადგილობრივი დროით ღამის 3:22 საათზე გაიხსნა.





