აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და ავსტრალიის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება "ჰამასს აჯილდოებს."
პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, შეიძლება ითქვას, რომ "ჰამასს აჯილდოებ და არ მგონია, რომ ისინი უნდა დაჯილდოვდნენ."
"მე ამ ბანაკს არ მივეკუთვნები. გაცნობებთ, სადაც ვდგავართ, მაგრამ ამ ბანაკში არ ვარ. თუ ამას გააკეთებ, რეალურად ჰამასს აჯილდოებ და მე ამას არ ვაპირებ." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ აღიარეს, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იგივე ნაბიჯის გადადგმას კიდევ 7 ქვეყანა აპირებს.
ამ გადაწყვეტილების პასუხად ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები "ტერორს აჯილდოებენ" და დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფო "ვერ ჩამოყალიბდება".
"მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ - თქვენ ტერორს დიდად აჯილდოებთ," აცხადებს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეოში.
"მე კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება, იორდანიის დასავლეთით პალესტინური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება." - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ამასთანავე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელი "კატეგორიულად" უარყოფს გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას.
"[ეს] უფრო მეტ დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში და სამომავლოდ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის შანსებს ძირს უთხრის." - წერს ისრაელის საგარეო სამინისტრო X-ზე.
ისრაელის თქმით, ეს "არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების მიმართ ჩადენილ ყველაზე დიდ ხოცვა-ჟლეტას იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოითხოვს და ცდილობს ისრაელის განადგურებას, არამედ კიდევ უფრო ამყარებს ჰამასისადმი მხარდაჭერას."





