საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროები

ივანიშვილი გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს.

მათი თქმით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.

"მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების ცნობით.

"მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პატივი, პირადად მიწევს თქვენთან შეხვედრა. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, ოცნების ინფორმაციით.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია.

კომენტარები