საქართველოში ვიზიტით იმტოფება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი - ივანიშვილის წარმომაგდენელი, ირაკლი კობახიძემ საამიროების პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს ადმინისტრაციაში შეხვდა.
ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
"დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის.
თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.
ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში" - თქვა ირაკლი კობახიძემ.
"საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მომავალში ამას დაადასტურებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით". - თქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.
ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ივანიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.





