რუსული რეჟიმი

გეკა გელაძე ჩინეთში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის სანქცირებულ უფროსს შეხვდა

ივანიშვილის შსს მინისტრი, გეკა გელაძე ჩინეთში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის სანქცირებულ თავმჯდომარეს, დმიტრი გორას შეხვდა. ინოფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

"ბელარუსმა და საქართველომ სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიული დახმარების გაწევა განიხილეს" - ამის შესახებ БЕЛТА-ს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს.

შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ლიანიუნგანში შედგა, სადაც "გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმი" იმართება.

ბელარუსული გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ასევე შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, საგამოძიებო პროცესების გაციფრულების პროცესი, თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებიც განიხილეს.

ცნობისთვის, დმიტრი გორა აშშ-სა და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მიერაა სანქცირებული.

აღსანიშნავია, რომ გელაძის უწყებას გორასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ივანიშვილის შსს მინისტრი ჩინეთში ასევე, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვს შეხვდა. ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრების შესახებ გელაძის უწყებამ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები