აშშ-ში ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების მიმართ პოლიტიკა აქტიურად განიხილება - ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტ კენედიმ ბოლო დროს ნიკოტინის ბალიშებსა და ელექტრონულ სიგარეტებზე, როგორც სიგარეტის შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივებზე, განცხადებები გააკეთა.
კენედიმ ამის შესახებ ბრაზილიური მედიისთვის, Vozes de Poder-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა, რომელშიც ყურადღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და გაუმჯობესების შესაძლებლობებზე გაამახვილა.
აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეული ტიპის ელექტრონული სიგარეტები, რომლებიც არასრულწლოვანთა ყურადღების მიპყრობას ცდილობს, ნამდვილად სახიფათოა და აშშ მათ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას იწყებს. თუმცა, კენედიმ ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ვეიპები ზრდასრულებისთვის სიგარეტის შედარებით ნაკლებად საზიანო ალტერნატივას წარმოადგენს და ტრამპის ადმინისტრაცია FDA-ს მოუწოდებს, რომ ამ პროდუქტების ავტორიზაციის პროცესები დააჩქაროს.
“არსებობს ორი პრობლემა: ერთია ჩინური ვეიპები, რომლებიც ბავშვებისკენ არის მიმართული, ძალიან ნათელ ფერებშია შეღებილი, კანფეტის იერით არის დამზადებული, ხშირად თან ახლავს კომპიუტერული თამაშები ან სხვა ტიპის გასართობი პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მათზე ძალიან, ძალიან ვღელავთ და მათ წინააღმდეგ მკაცრ ზომებს ვიღებთ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ წინააღმდეგ მკაცრ ზომებს ვიღებთ, მაგრამ ამას ძალიან აგრესიულად ვაკეთებთ. ამავდროულად, ჩვენ ვაჩქარებთ იმ ვეიპების ავტორიზაციას, რომლებიც ასეთი არ არის”. - თქვა კენედიმ.
აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ნიკოტინის მიჩვევის პოტენციალის მიუხედავად, მისი კარცინოგენულობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს, ხოლო საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხეს სიგარეტი წარმოადგენს, რომელიც, კენედის თქმით, აშშ-ს ჯანდაცვას ყოველწლიურად დაახლოებით $640 მილიარდის ღირებულების ხარჯს უქმნის.
ამავე ინტერვიუში კენედიმ განაცხადა, რომ ნიკოტინის ბალიშები შესაძლოა ნიკოტინის მოხმარების ყველაზე უსაფრთხო გზას წარმოადგენდეს.
ნიკოტინის ბალიშების შესახებ კენედის კომენტარი Fox News-მაც გააშუქა. FOX-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, სენატში მოსმენისას კენედი თავად მოიხმარდა ნიკოტინის ბალიშს, ZYN-ს, რამაც მისი შეხედულებების თაობაზე სპეკულაციები გამოიწვია.
“უშუალოდ ნიკოტინი კიბოს არ იწვევს. არ არსებობს მტკიცებულა, რომ ის კარცინოგენულია. [...] ნიკოტინის ბალიშები ალბათ ნიკოტინის მოხმარების ყველაზე უსაფრთხო გზაა. ვეიპები მეორე ადგილზეა, თუმცა რისგანაც ჩამოცილება ძალიან გვინდა, ეს სიგარეტებია”. - თქვა კენედიმ.
აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრის საჯარო განცხადებებთან ერთად ასევე საყურადღებოა FDA-ს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ნიკოტინის ბალიშების შესახებ.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ვრცელი და საფუძვლიანი სამეცნიერო შემოწმების შემდეგ FDA-მ ZYN-ის ნიკოტინის ბალიშების 20 პროდუქტს მარკეტინგის ავტორიზაცია მიანიჭა და დეტალურ სამეცნიერო მიმოხილვაში აღნიშნა, რომ ნიკოტინის ბალიშებში სიგარეტთან და ნიკოტინის შემცველ უკვამლო პროდუქტებთან შედარებითაც კი მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებს მნიშვნელოვნად ნაკლები რაოდენობით ვხვდებით.
ამის შესახებ ნიკოტინის ბალიშების 20 კონკრეტული პროდუქტის ტოქსიკოლოგიური შემოწმების ანგარიშში წერია, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
ნიკოტინის შემცველი ორალური მოხმარების პროდუქტები ნიკოტინს შეიცავს, მაგრამ არ შეიცავს თამბაქოს ფოთოლს. ასეთი პროდუქტები ე.წ. ბალიშების/ტომსიკების სახით არსებობს და მაყ ზედა ტუჩსა და ღრძილებს შორის მოთავსებით მოიხმარენ.
როგორც შემოწმებამ დაადგინა, მოსალოდნელია, რომ წვადი თამბაქოს მოხმარებიდან ნიკოტინის ბალიშების მოხმარებაზე გადასულ ადამიანებს სიმსივნისა და მოწევასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შეუმცირდეთ.
FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის მეცნიერების ოფისის დირექტორის, მეთიუ ფარელის თქმით, მოცემულ შემთხვევაში დაადგინეს, რომ მარკეტინგის ავტორიზაციის მისანიჭებლად საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდათ.
“მარკეტინგის ავტორიზაციის მისანიჭებლად, FDA-ს უნდა ჰქონდეს საკმარისი მტკიცებულება, რომ ახალ პროდუქტებს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის რისკებთან შეფარებით უფრო მეტი სარგებელი მოაქვს. [...] ამ შემთხვევაში მონაცემები აჩვენებს, რომ ნიკოტინის ბალიშების ეს პროდუქტები თამასას ერგება, რადგან იმ ზრდასრულებისთვის, რომლებიც სიგარეტს ანდა ნიკოტინის შემცველ უკვამლო პროდუქტებს მოიხმარენ და მათ ამ პროდუქტებით სრულად ანაცვლებენ, სარგებელი მოაქვს”. - თქვა ფარელიმ.
გარდა ამისა, FDA-მ დაადგინა, რომ ნიკოტინის ბალიშის ამ პროდუქტების შესაძლო სარგებლიანობა სიგარეტის ანდა ნიკოტინის შემცველი უკვამლო პროდუქტების მომხარებელი ზრდასრულებისთვის შესაძლო საფრთხეებს აღემატებოდა, მათ შორის, არასრულწლოვნების წინაშე არსებულ რისკებსაც.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FDA-მ ნიკოტინის ბალიშებს მარკეტინგის ავტორიზაცია მიანიჭა.
ჩვეულებრივ, თამბაქოს კომპანიებს უწევთ, რომ მათი პროდუქტების ავტორიზაციას წლობით ელოდონ - ამ შემთხვევაშიც FDA-მ გადაწყვეტილება აპლიკაციის შეტანიდან დაახლოებით ხუთ წელიწადში მიიღო.
მიუხედავად ამისა, მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია ამ ტენდენციის შეცვლას ცდილობს.
გამოცემა Reuters წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოტინის ბალიშების პროდუქტებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესის დაჩქარება სურს და ამიტომ, აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტო (FDA) გეგმავს, რომ საპილოტე პროგრამის ფარგლებში თამბაქოს მწარმოებელი ოთხი ფირმის ნიკოტინის ბალიშები დაჩქარებული წესით შეამოწმოს.
Reuters-ის მიერ ნანახი შეხვედრის ტრანსკრიპტის მიხედვით, გასულ თვეს FDA-ს თანამდებობის პირმა პერსონალს უთხრა, რომ ხელმძღვანელობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნიკოტინის ბალიშების უფრო მიზანშეწონილად შეფასებისკენ მოუწოდებს.
ამავდროულად, FDA-ს თამბაქოს პროდუქტების ცენტრის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ბრეტ კოპლოუმ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სააგენტოზე არ არის ზეწოლა, რომ სამეცნიერო სტანდარტი დაწიოს ან თამბაქოს პროდუქტების საფრთხეებისგან საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება საფრთხეში ჩააგდოს.
როგორც გამოცემა წერს, FDA-ს ერთ-ერთ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნიკოტინის ბალიშების პროდუქტები შემოწმების ოპტიმიზებულ, გამარტივებულ პროცედურას გაივლის და აპლიკანტებსა და FDA-ს პერსონალს შორის კომუნიკაცია უფრო ხშირად შედგება.
Reuters-ის თანახმად, პროდუქტების შემმოწმებლები ყურადღებას გაამახვილებენ მხოლოდ ნიკოტინის ბალიშების სამეცნიერო შემოწმების დასაწყებად აუცილებელ ინფორმაციაზე, პროდუქტების არსებით დახასიათებაზე, წარმოების თანმიმდევრულობასა და სტაბილურობაზე და მავნედ მოხმარების პოტენციალის შესახებ მონაცემებზე.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოტინის შემცველ უკვამლო პროდუქტებთან დაკავშირებით მკაფიო ნაბიჯებს დგამს და ზიანის შემცირების პოლიტიკას ღია მხარდაჭერას უცხადებს, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა მხრივ მისასალმებელი დინამიკაა.




