იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული ყოფილი ძიუდოისტისა და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.
"ზურაბ ზვიადაურს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. თუმცა, მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. წარსულში რა აღკვეთის ღონისძიებაც შეუფარდეს, იარაღის აკრძალვა არც იმაში ჰქონია [...]
მანქანით მიდიოდა, საპატრულო პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა და დააკავა [...] არანაირ პოლიტიკას და პოლიტიკურ მიზნებს არ უკავშირებს. გააჩერეს და იარაღი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე გაგზავნეს". - თქვა ზვიადაურის ადვოკატმა.
ამ დროისთვის, ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურატურა ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს - უწყებამ მას ბრალდება წარუდგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special ) კალიბრის "WEBLEY SCOTT LTD" კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს დააკავეს.





