აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 15 სექტემბერს განაცხადა, რომ "მიმდინარეობს ვიზების გაუქმება" იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა იზეიმეს.
"ამერიკა არ უმასპინძლებს იმ უცხოელებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების გარდაცვალებას ზეიმობენ," დაწერა რუბიომ X-ზე გავრცელებულ პოსტში. "მიმდინარეობს ვიზების გაუქმება. თუ აქ ვიზით ხართ და პოლიტიკური ფიგურის საჯარო მკვლელობას გულშემატკივრობთ, დეპორტაციისთვის მოემზადეთ. თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის." - დაამატა მან.
Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ ასევე აღნიშნა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზებს არ მისცემს მათ, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა.
"ჩვენი საქმე არ არის ქვეყანაში იმ ადამიანების მოწვევა, რომლებიც ნეგატიურ და დამანგრეველ საქმიანობაში იქნებიან ჩართულნი. თუ მე ვინმეს მოვიწვევ, თუ ჩვენ ვიღაცას აშშ-ში სტუმრად მოვიწვევთ, სტუდენტად, ტურისტად ან სხვა, მაშინ სტანდარტი, რომელიც მათ უნდა დაიცვან, ძალიან მაღალია." - ამბობს რუბიო.
10 სექტემბერს ჩარლი კირკი Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგვიანებით კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების თქმით, რობინსონი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე საკუთარმა მამამ იცნო, რომელმაც შვილს მკვლელობის აღიარებისკენ მოუწოდა.
რობინსონმა დანაშაული თავდაპირველად უარყო, შემდეგ კი აღიარა, რის შემდეგაც მამამ მას ჩაბარება ურჩია, თუმცა, რობინსონმა უარი თქვა. ამის შემდეგ ბრალდებულის მამა ოჯახის მეგობარ პასტორს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია სამართალდამცველებს შეატყობინა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცველებმა ასევე იპოვეს კირკის მკვლელობაში გამოყენებული შაშხანა და ვაზნები გრავირებული წარწერებით – "ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ", "ბელა ჩაო" და "თუ ამას კითხულობ, გეი ხარ".
რობინსონი სასამართლო სხდომის წინაშე პირველად ვირტუალურად წარსდგა მას შემდეგ, რაც მას ბრალი შვიდი მუხლით წაუყენეს. იუტას შტატის პროკურორების თქმით, ისინი ტაილერ რობინსონის სიკვიდილით დასჯას მოითხოვენ.





