რუსული ნავთობკომპანია Rosneft-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ნავთობზე დაბალი ფასების გამო წმინდა შემოსავალი 68%-ით შემცირდა და 245 მილიარდი რუბლი ($3 მილიარდი) შეადგინა, რაც საუდის არაბეთისა და OPEC-ის ქვეყნების მხრიდან ნავთობის წარმოების გაზრდამ გამოიწვია.
Reuters-ის მიხედვით, რუსეთის უდიდესი ნავთობმწარმოებელი კომპანიის დირექტორის, იგორ სეჩინის მხრიდან მსგავსი განცხადებები რუსეთში ღელვის პირველ ნიშანს წარმოადგენს OPEC+-ის ქვეყნების მხრიდან წარმოების გაზრდის სტრატეგიასთან დაკავშირებით.
გამოცემის წყაროების თქმით, OPEC+-ის შეხვედრებზე რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა ნავთობის წარმოების გეგმაზე სწრაფად გაზრდის სტრატეგიის შესახებ, თუმცა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მაინც დაუჭირა მხარი.
"წლის პირველ ნახევარს ახასიათებდა ნავთობის ფასებზე ვარდნა, ძირითადად ნავთობის ზედმეტად წარმოების გამო. მთავარი მიზეზი OPEC-ის ქვეყნების, მათ შორის საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ერაყისა და ქუვეითის, მხრიდან წარმოების აქტიური ზრდაა," თქვა სეჩინმა 30 აგვისტოს.
სეჩინმა ასევე თქვა, რომ Rosneft-ისა და მოწინავე ენერგეტიკული სააგენტოების მიხედვით, გლობალურ ბაზარზე ნავთობის სიჭარბე წლის მეოთხე კვარტალში დღეში 2.6 მილიონ ბარელს მიაღწევს, ხოლო 2026 წელს დღეში 2.2 მილიონ ბარელამდე შემცირდება.
მან ასევე კვლავ გააკრიტიკა რუსეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა, რაც სეჩინის თქმით, მყარ დოლარს უჭერს მხარს.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს OPEC+ ნავთობის წარმოების მორიგ გაზრდაზე შეთანხმდა, რის ფარგლებშიც სექტემბერში ყოველდღიური წარმოება დამატებით 547 000 ბარელით გაიზრდება. წარმოების ზრდის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატებაა იმ ყოველთვიური ზრდების ფონზე, რაც ჯგუფმა მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში დაამტკიცა.
მაისი-ივნისი-ივლისის პერიოდში ყოველდღიური წარმოება თითოეულ თვეში წინასთან შედარებით 411 000 ბარელით იზრდებოდა, აპრილში კი წინა თვესთან შედარებით ყოველდღიური წარმოება 138 000 ბარელით გაიზარდა. ხოლო 5 ივლისს ჯგუფის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოში ყოველდღიური წარმოება დამატებით 548 000 ბარელით გაიზრდებოდა.
OPEC+-ის ჯგუფი 2022 წლიდან მოყოლებული ნავთობის ბაზრის მხარდასაჭერად წარმოებას ამცირებდა, თუმცა მიმდინარე წელს ბაზარზე წილის აღდგენის მიზნით OPEC+-მა წარმოების თანდათანობით მატება დაიწყო. ჯგუფის წევრ რვა სახელმწიფოს შორის მომდევნო შეხვედრა 7 სექტემბერსაა ჩანიშნული.





