უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით მოსახლეობის ადამიანის უფლებებს "საბოტაჟს თავად უწყობს" და ეს რეპრესია უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ Amnesty International X-ზე წერს.
"საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. ხელისუფლებამ 7 NGO-ს ანგარიშები დააყადაღა და აქციის მონაწილეებისთვის დამცავი აღჭურვილობის დაფინანსების ბრალდებით "საბოტაჟის" სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. წინა საქმეებისგან განსხვავებით ამას შესაძლოა NGO-ების ლიდერების დაკავება მოჰყვეს.
დამოუკიდებელი NGO-ების "საბოტაჟის მონაწილეებად" შერაცხვით ხელისუფლება მათ მუშაობას ზღუდავს და ქვეყანაში სხვებს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გამყინავ გზავნილს უგზავნის.
ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს საბოტაჟს თავად უწყობს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესია უნდა დასრულდეს". - წერს Amnesty International.
ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.
დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშები.





