პარტია გირჩმა თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინა. ვიცე-მერობის კანდიდატი კი, სანდრო რაქვიაშვილი იქნება.
"არჩევნები იქნება იმის შანსი, რომ ჩვენ ის იდეები, რომელსაც გლობალურ იდეებს ვეძახით ხოლმე, დავამიწოთ და კონკრეტულ თბილისის პრობლემებს მოვარგოთ და, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები ეფექტური არ იქნებოდა, რომ ჩვენ ჩვენი ძალები არ გვეცადა, მათ შორის, მერის თანამდებობაზეც და რაღაცნაირად მაქსიმუმი არ დაგვედო ამ არჩევნებზე.
ჩვენ უმეტესად ესეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ პრაიმერიზით, პრაიმერიზი დასრულდა გუშინ 00:00 საათზე და ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობის პოზიციაზე იქნება იაგო ხვიჩია." - განაცხადა გირჩის წარმომადგენელმა, ჰერბან საბომ ხვიჩიას წარდგენისას.
იაგო ხვიჩიას თქმით, გირჩი ერთადერთი პარტიაა, რომელსაც სურს თბილისისგან მეგაპოლისი გამოვიდეს.
"შეგვიძლია თავხედურადაც კი ვთქვათ, რომ მზად ვართ ნებისმიერ ადამიანს, პარტიას ნებისმიერ დებატებში, რომელიც შეეხება ქალაქის კეთილდღეობასა და განვითარებას, დავუსხდეთ და თბილისის მოსახლეობას ვაჩვენოთ ის უპირატესობა, რაც გაგვაჩნია პირობითად, არა ფულით და სხვა პოლიტიკური უნარ-ჩვევებით, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში დანერგილია, არამედ იმით, რაც მიგვაჩნია, რომ მომავალ საქართველოს ჭირდება. ეს არის ერთი არგუმენტი ზოგადად, რატომაც მგონია რომ უნდა აგვირჩიოთ.
მეორე არგუმენტი ის არის, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც უნდა რომ ამ ქალაქისგან, სადაც ახლა ჩვენ ვართ, მეგაპოლისი გამოვიდეს. ძირითადად პოლიტიკოსები ჩალიჩობენ, რომ ბოდიში ჟარგონისთვის - აქედან გამოვიდეს სოფელი და ჩვენს რაღაცაში ვიკეტებოდეთ. ჩვენ კიდევ გვინდა, რომ თბილისი გავათავისუფლოთ ზედმეტი ტვირთისგან, იქნება ეს ბიუროკრატიის დაწესებული შეზღუდვები, თუ ათასგვარი უაზრო კანონები, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის ამ ქალაქში ცხოვრებისთვის.
ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც არ ეძებს ადვილ გამოსავლებს, არ გეუბნებათ, რომ გზა, რაც არის გაყვანილი, იქ გავიყვან ტროლეიბუსის ხაზს, არამედ ვიძახით თვისობრივად ახალ თბილისზე, რომ ქალაქი, რომელიც გარშემო ქალაქებს უკავშირდება მეტროპოლიტენით, ქალაქი, სადაც ქალაქში გადაადგილებაზე არსებულ გზებზე კი არ გამყავს რაღაცები, არამედ მიწაში ჩავდივარ, ახალ მაგისტრალებს ვაშენებთ... ამ ქალაქისგან მინდა გამოვიდეს არა სოფელი, როგორც ბევრ ჩემს კოლეგას უნდა, არამედ მინდა გამოვიდეს ნიუ-იორკი და ეს უნდა იყოს კავკასიის ეკონომიკური ცენტრი." - განაცხადა მან.
თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ქართული ოცნების კანდიდატი მესამედ კახა კალაძე, ხოლო ლელოსა და გახარია საქართველოსთვის საერთო კადიდანტი ირაკლი კუპრაძე იქნება.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს რვა ოპოზიციური პარტია - თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები.





