"დაგვიანონსეს, რომ თურმე 13 სექტემბრიდან მორიგ ჯერზე გაახვევენ დედაქალაქს ცეცხლის ალში, გადაკეტვები, პიკეტირება, შემდეგ ახალგაზრდების ჩართულობა და ერთს ემსახურება ეს - ხელისუფლება შეიცვალოს ძალადობრივი გზით, დასვან მარიონეტები და შემდეგ უკვე მიაღებინონ ის კანონი და გადაწყვეტილებები, რაც არ არის საქართველოს ინტერესებში" - ასე აფასებს ივანიშვილის დეპუტატი ირაკლი ზარქუა 8 პარტიის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 13 სექტემბერს გაიმართება საპროტესტო მარში - "არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო რეჟიმი, დაიცავი დამოუკიდებლობა".
8 პარტიამ 25 აგვისტოს ბრიფინგზე მიმართა ყველას, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია, 13 სექტემბერს შეიკრიბონ "ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს".
ივანიშვილის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას შეფასებით კი, "ამ უსამშობლოებს თავიანთი პატრონი" და "დირიჟორი" ჰყავთ.
"ამჯერად, IRI-ის რეგიონული ხელმძღვანელი, დიპიროა გვარად, თუ არ ვცდები მისი გვარი. ჩვენ ვამბობდით რამდენიმე დღის წინ, ვაუწყეთ საზოგადოებას, რომ ისევ ქაოსი, ისევ დაძაბულობა, რადიკალიზაცია, ამ ახალგაზრდების გადამზადება და გამოყენება და ეს ყველაფერი დაიწყებოდა 13 სექტემბრიდან და თქვენ ნახეთ, გუშინ ბრიფინგი გამართა რუსეთიდან დაფინანსებულმა ქალბატონმა ხოშტარიამ, მისი ოჯახი ფინანსდება დღემდე და უსირცხვილოდ მაინც არ ეშვებიან ამ თემას, დაიმალონ მაინც და არ გამოჩნდნენ საზოგადოებაში, არა, ასე უტიფრად, უსირცხვილოდ, იმიტომ რომ რუსული ყაიდის ოპოზიცია გვყავს რადიკალები და რუსეთიდან ფინანსდებიან.
შესაბამისად, დაგვიანონსეს, რომ თურმე 13 სექტემბრიდან მორიგ ჯერზე გაახვევენ დედაქალაქს ცეცხლის ალში, გადაკეტვები, პიკეტირება, შემდეგ ახალგაზრდების ჩართულობა და ერთს ემსახურება ეს, ერთ საქმეს და ამოცანას - ხელისუფლება შეიცვალოს ძალადობრივი გზით, დასვან მარიონეტები და შემდეგ უკვე მიაღებინონ ის კანონი და ის გადაწყვეტილებები, რაც არ არის საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის ინტერესებში.
მე ამათ უნდა ვუთხრა, დი პიროებს და მათ მიმდევრებს, არაფერი გამოგივათ, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს მისია, ამოცანა არის, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს" - თქვა ზარქუამ.
8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს საპროტესტო მარშს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე გეგმავს.
პარტიები [თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები] განცხადებაში მიმართავენ ყველა ოპოზიციურ პარტიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, "ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობის თანმიმდევრულ გზას".
"31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვადაში ივანიშვილმა არათუ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას და ასეც გააგრძელებს, სანამ ქართველი ხალხი არ მოვიკრებთ საკმარის ძალას რეჟიმის დასასრულებლად, რომლის რუსული ბუნებაც თვისებრივად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების იდეასთან.
მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
ამავდროულად, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობის თანმიმდევრულ გზას - პროტესტს და რეჟიმის მორალურ და პოლიტიკურ იზოლაციას მის დემონტაჟამდე - რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს და ქართულ ოჯახებს სამშვიდობოს გავიყვანთ თქვენთან ერთად, ან თქვენ გარეშე!
ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საპროტესტო მსვლელობას გავმართავთ პარლამენტამდე. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!" - ნათქვამია 8 ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.





