პარტია კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა, გიგა ლემონჯავამ და თენგო თევზაძემ ბრიფინგი გამართეს, სადაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. ამასთან, მათ მოუწოდეს მოქალაქეებს, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბონ, რათა რეგრესი, რომელიც ქვეყანას "ქართული ოცნების გამო აქვს, ერთად შევაჩეროთ".
დროას წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, უვიზო მიმოსვლის დაკარგვა არის "რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშეა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის ბრალი".
"უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან არის დამსახურებაზე დაფუძნებული, სპეციალური პრივილეგია საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ საკვანძო სფეროებში ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გამო, დღეს სამწუხაროდ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის" - განაცხადა ლემონჯავამ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროკავშირთან დაახლოების ინდექსზე ისაუბრა.
კერძოდ, დროას ერთერთი ლიდერის ცნობით:
- არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი - 2020 წელს საქართველო იყო ლიდერებს შორის, დღეს ჩვენ გვაქვს 29 ერთეულით უკან დახევა და დღეს საქართველო არის ბელარუსთან და აზერბაიჯანთან ერთად, რომლებსაც არ აქვთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან
- ადამიანის უფლებები და წამების წინააღმდეგ დაცვა - 2015 წელს ერთ-ერთი ლიდერ საქართველოს 10 ერთეულით უკან დახევა და დღეს ის ბელარუსთან და აზერბაიჯანთან ერთად, რომლებსაც არ აქვთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან
- სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, 2015 წელს ერთ-ერთ ლიდერ საქართველოს აქვს 15 ერთეულით უკან დახევა და დღეს ის არის ერთ-ერთი ბოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის აზერბაიჯანთან და ბელარუსთან ერთად
- დამოუკიდებელი მედია - 2015 წელს საქართველო არის პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, დღეს ჩვენ გვაქვს 25 ერთეულით უკან დახევა, 100 ერთეულიდან, თითქმის ერთი მეოთხედით უკან დახევა და ვართ ბელარუსთან და აზერბაიჯანთან ერთად.
- აზრის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების თვალსაზრისით, 2015 წელს ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე მყოფ საქართველოს აქვს 24 ერთეულით უკან დახევა და დღეს ის არის ბელარუსთან და აზერბაიჯანთან ერთად, რომლებსაც არ აქვთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან
- დამოუკიდებელი სასამართლო - 2020 წელთან შედარებით, საქართველოს აქვს 18 ერთეულით უკან დახევა და სამწუხაროდ, დღეს ის არის ბელარუსთან და აზერბაიჯანთან ერთად.
- დემოკრატია და კარგი მმართველობა, ამ მონაცემებით 2015 წელს საქართველო არის პირველ ადგილზე, დღეს ჩვენ გვაქვს 15 ერთეულით უკან დახევა და ვართ ბელარუსთან და აზერბაიჯანთან ერთად.
"ეს უკან დახევა და ეს რეგრესი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის ბრალი და არავისი სხვისი." - თქვა ლემონჯავამ.
ბრიფინგზე პარტია ახალის წევრმა, თენგო თევზაძემაც აღნიშნა, რომ "ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, არის უდიდესი საფრთხის ქვეშ და არის დიდი შანსი, რომ ეს სიკეთე, რაც წლების განმავლობაში შრომით, ოფლით, სისხლით და ბრძოლით მოვიპოვეთ, დავკარგოთ".
"ბატონი მაჭარაშვილის, ზარქუას და სხვა ამ კრიმინალების გასაგონად, რომლებმაც საქართველო მიიყვანეს ამ კრიზისამდე, მათ 13 სექტემბრის კი არ უნდა ეშინოდეთ, უნდა ეშინოდეთ იმისა, რომ შეიძლება მათ საქართველოს დააკარგინონ ევროპული მომავალი. ანუ ქართული ოცნება და საქართველოს ევროპული მომავალი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომ ქართული ოცნება უნდა ჩამოშორდეს იმ ძალაუფლებას, რომელიც 26 ოქტომბერს მიიტაცა. ოცნება და ევროკავშირი ერთად შეუძლებელია! ყველას გელოდებით 13 სექტემბერს, 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რათა ეს რეგრესი, ეს უკან დახევა და ეს გამოწვევები, რომლებიც ქართული ოცნების გამო დღეს საქართველოს აქვს, ერთად შევაჩეროთ" - თქვა თევზაძემ.
13 სექტემბერს საპროტესტო მარშს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე 8 ოპოზიციური პარტია გამართავს. ისინი მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია, 13 სექტემბერს შეიკრიბონ "ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს".
ამასთან, პარტიები [თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები] განცხადებაში მიმართავენ ყველა ოპოზიციურ პარტიასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, "ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობის თანმიმდევრულ გზას".





