ავსტრალია

ავსტრალიამ ირანი ანტისემიტური თავდასხმების მოწყობაში დაადანაშაულა და თეირანის ელჩი გააძევა

ავსტრალიის პრემიერმინისტრი, ენტონი ალბანეზი
Brendon Thorne/Bloomberg

26 აგვისტოს ავსტრალიამ ირანი სიდნეისა და მელბურნის ქალაქებში ცეცხლის წაკიდების ორი ანტისემიტური შემთხვევის მოწყობაში დაადანაშაულა და თეირანის ელჩს 7 დღე მისცა ქვეყნის დასატოვებლად.

პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანეზმა განაცხადა, რომ ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციამ (ASIO) სანდო დაზვერვა მოიპოვა, რომ ირანი პირდაპირ იყო ჩართული, სულ მცირე, ორ თავდასხმაში. 

"ეს იყო განსაკუთრებული და სახიფათო აგრესიული ქმედებები, რომლებიც ავსტრალიის მიწაზე უცხო ქვეყანამ მოაწყო. ეს იყო სოციალური ერთსულოვნებისა და ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოების დათესვის მცდელობები." - თქვა ალბანეზმა ბრიფინგზე. 

ალბანეზის თქმით, ირანმა სცადა, წინა წელს სიდნეის ერთ-ერთ კოშერულ რესტორანსა და მელბურნის ადას ისრაელის სინაგოგაზე თავდასხმაში "ჩართულობა დაემალა". მან ასევე აღნიშნა, რომ ავსტრალიის უსაფრთხოების სააგენტოს მიხედვით, ირანი, დიდი ალბათობით, დამატებით თავდასხმებსაც გეგმავდა. 

პრემიერის მიხედვით, ავსტრალიამ თეირანში მდებარე თავის საელჩოში მუშაობა შეაჩერა და ყველა დიპლომატი უსაფრთხოებისთვის მესამე ქვეყანაში გადაიყვანა. ამასთან, ალბანეზმა დაამატა, რომ მისი მთავრობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. 

ავსტრალიაში ისრაელის საელჩო ირანის მთავრობის წინააღმდეგ ალბანეზის მთავრობის ნაბიჯებს მიესალმა:

"ირანის რეჟიმი საფრთხეა არა მხოლოდ ებრაელებისთვის ან ისრაელისთვის, არამედ ის საფრთხეს უქმნის მთელ თავისუფალ სამყაროს, მათ შორის ავსტრალიასაც," განაცხადა საელჩომ X-ზე. 

კომენტარები