დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

რუბიოს თქმით, აშშ კომერციული სატვირთოების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 21 აგვისტოს დაწერა, რომ ამერიკა დაუყოვნებლივ აჩერებს კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სახის სამუშაო ვიზის გაცემას.

"დაუყოვნებლივ ვაჩერებთ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას. აშშ-ს გზებზე მზარდი უცხოელი მძღოლების რაოდენობა, რომლებიც დიდი ზომის სატვირთოებს მართავენ, საფრთხეში აყენებს ამერიკელების სიცოცხლეს და ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს ამცირებს." - დაწერა რუბიომ X-ზე.

მანამდე, აპრილის თვეში, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ინგლისური ენის ცოდნის სტანდარტების დაკმაყოფილებაზე არსებული წესის აღსრულების ვალდებულებას ქმნიდა.

წინა კვირაში აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრმა, შონ დაფიმ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო ფლორიდის შტატის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. მაღალჩინოსნების მიხედვით, მანქანის მძღოლი ინდოეთის მოქალაქე იყო, რომელიც ინგლისურად არ ლაპარაკობდა და არც აშშ-ში ლეგალურად ყოფნის უფლება ჰქონდა. 

ჰარჯინდერ სინგს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული მკვლელობისთვის ბრალი სამ შემთხვევაში წაუყენეს. პოლიციის თქმით, მან აკრძალული შემობრუნება სცადა, რამაც საცობი წარმოქმნა და ავარია გამოიწვია, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა მანქანაში, რომელიც მის სატვირთოს შეეჯახა.

კომენტარები