გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

გიორგი გაოგნებულია პენიტენციური სამსახურის განცხადებით - ბაჩიაშვილის ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელi გიორგი ბაჩიაშვილი მისმა ადვოკატმა მოინახულა. დავით ჯანდიერის თქმით, "გიორგის პოზიციაა, რომ პენიტენციური სამსახურის განცხადება წარმოადგენს მორიგ დანაშაულს სხვა დანაშაულის გადასაფარად -  იმ დანაშაულის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 11 ივლისს, მასზე განხორციელებულ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს".

ცნობისთვის, დღეს, 21 აგვისტოს, პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თანამდებობები დატოვეს გლდანის ციხის დირექტორმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, "გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".

ადვოკატ დავით ჯანდიერის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი "გაოგნებულია იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა პენიტენციური სამსახურის მხრიდან".

"ის იმყოფება პატიმრობაში, მას არ აქვს არავითარი შესაძლებლობა რაიმე პროცესებზე ზემოქმედების, მითუმეტეს, პენიტენციური სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებზე, პატიმრებზე და დაგეგმვის რაღაც კოორდინირებული სიგიჟის, სხვა სიტყვა არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმ განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა. 

გიორგის მიაჩნია, რომ ის გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ შორის უკავშირდება მის წამებას, არ შეიძლება ნიველირება იმ ფაქტების, რომელსაც 11 ივლისს ჰქონდა ადგილი, ეს არის უმძიმესი დანაშაული, წამება, არაადამიანური მოპყრობა და არა ცალკეული თანამშრომლების და პირების გადაცდომა. 

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმის, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოს ეკისრებოდა ბაჩიაშვილის უსაფრთხოებაზე, გაუზიარონ იმ პირს, ვინც თვითონ არის მსხვერპლი ამ დანაშაულის" - თქვა დავით ჯანდიერმა TV პირველთან.

გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა, 

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით ამტკიცებდა, "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".

თავად ბაჩიაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების “უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას” უკავშირებს.

კომენტარები