ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში MATRA-ს პროგრამის დროებით შეჩერების შესახებ, განცხადებას ავრცელებს და მიზეზად საქართველოში სიტუაციის გაუარესებასა და ხელისუფლების კურსს ასახელებს.
"ნიდერლანდებმა გადაწყვიტა, რომ შეაჩეროს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების მონაწილეობა MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამაში. რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯია, რაც საქართველოში სიტუაციის გაუარესებას და ხელისუფლების კურსს ეხმაურება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად: მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნით, ვინც მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზეა პასუხისმგებელი, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებითა და ყოველგვარი რეპრესიული კანონის უკან გაწვევით." - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პროგრამის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს ნიდერლანდების საელჩოც. მათი თქმით, მიზეზი ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობაა, რაც ქართული ოცნების გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია.
"ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო. ქვეყნის კანონის უზენაესობის გაძლიერების პროცესში, ნიდერლანდების სამეფო ყოველთვის იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი და პარტნიორი. MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, წლების განმავლობაში, ორასამდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავის მხრივ, ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სასწავლო პროგრამის ხარისხის განვითარებაში. MATRA-ს პროგრამის კურსდამთავრებულები ჩვენი საელჩოს კონტაქტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
დროებითი შეწყვეტა უკავშირდება ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია.
ვიმედოვნებთ, მომავალში ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას." - ნათქვამია ნიდერლანდების საელჩოს გავრეცელებულ განცხადებაში.





