რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: ბაქომ შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნა განიხილოს

Ministry of Internal Affairs of Ukraine

აზერბაიჯანული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაქომ შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნა განიხილოს, თუკი რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ბუნებრივი აირის იმ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი მიედინება. 

Caliber.az წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თუ რუსეთი აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, ბაქო უკრაინისთვის საკუთარი არსენალიდან იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნის იდეის განხილვას დაიწყებს. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ლიდერმა დაგმო რუსეთის მიზანმიმართული იერიში აზერბაიჯანული კომპანია Socar-ის ნავთობის საცავ ობიექტზე და ორივე მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკის საკითხში თანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლის. 

ალიევის ოფისმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი გმობს Socar-ის ნავთობ საცავზე რუსეთის იერიშსა და რუმინეთის საზღვართან სიახლოვეს ბუნებრივი აირის სატრანზიტო სადგურზე დარტყმას. 

"საუბრისას ორივე მხარემ დაგმო რუსეთის მიზანმიმართული საჰაერო იერიშები უკრაინაში აზერბაიჯანული Socar-ის მფლობელობაში არსებულ ნავთობის საცავ ობიექტზე, ისევე როგორც სხვა აზერბაიჯანულ ობიექტებსა და ბუნებრივი აირის საკომპრესორო სადგურზე, რომელსაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უკრაინისკენ გადაჰქონდა," განაცხადა ალიევის უწყებამ. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მხარეებმა "ხაზგასმით აღნიშნეს მათი რწმენა, რომ ეს იერიშები ვერ შეაფერხებს აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკის საკითხში თანამშრომლობას."

ცნობისთვის, 8 აგვისტოს რუსეთმა ოდესის ოლქში შაჰედის ტიპის დრონების მეშვეობით Socar-ის ნავთობის საცავ დაარტყა. შედეგად, ობიექტზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა დიზელის ტიპის საწვავისთვის განკუთვნილი მილსადენი.

ამასთანავე, რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა უკრაინა-რუმინეთის საზღვართან მდებარე ბუნებრივი აირის სატრანზიტო ობიექტზეც, რომელსაც აშშ-დან და აზერბაიჯანიდან უკრაინაში ბუნებრივი აირი შეაქვს. 

კომენტარები