გამოცემა Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ ეწინააღმდეგება ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმას ღაზის სექტორის სრულად დაკავების შესახებ.
აშშ-ს ორი თანამდებობის პირი ანონიმურად ამბობს გამოცემასთან ,რომ ტრამპი არ ჩაერევა ისრაელის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ღაზაში ახალ ოპერაციასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტების კითხვაზე ღაზის სრულ ოკუპაციასთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა: "ვერ გეტყვით. ეს ისრაელზე იქნება დამოკიდებული"
ერთ-ერთი ანონიმური პირის მიხედვით, ტრამპის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა ჰამასის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ისრაელელ მძევალს საკუთარ საფლავს ათხრევინებენ.
ებრაულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრებთან საუბრისას თქვა, რომ კაბინეტისგან ღაზის სრული ოკუპაციის გეგმაზე მხარდაჭერა სურს.
მედია ისრაელის რამდენიმე მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ნეთანიაჰუმ პირად საუბრებში ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოების ხედვა აღწერა და "სექტორის ოკუპაციაზე" ილაპარაკა.
როგორც ისრაელური გამოცემა Ynet მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, IDF-ის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ " წილი ნაყარია" და სამხედრო ოპერაციები ჩატარდება ისეთ ტერიტორიებშიც, სადაც ჰამასს მძევლები ჰყავს აყვანილი.





