ახალი ელჩები

საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა

ირაკლი ყურაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა.

"ირაკლი ყურაშვილის დიპლომატიური კარიერა 30 წელს ითვლის. წლების განმავლობაში იგი ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. 

ირაკლი ყურაშვილი 2023-2025 წლებში  გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში,  2017-2022  წლებში - არგენტინის რესპუბლიკაში, ხოლო  2012-2017 წლებში - შვეიცარიის კონფედერაციაში. 

2022-2023 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს.

ირაკლი ყურაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი." - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გოჩა ჯავახიშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობა 9 მაისს დატოვა.

კომენტარები