ფინანსური დანაშაული

უკანონოდ აკეთებდნენ ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას – დაკავებულია 3 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის სამი მენეჯერი დააკავეს. 

უწყების ცნობითვე, ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის, აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით.

"გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე, კომპანია ასრულებდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქციას.

კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად, არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდების გამოსავლენად.

კომენტარები