წულუკიანის კომისია

ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წულუკიანის კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნის პროექტს გამოეხმაურა. პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ეს არის რუსეთის დაკვეთით შექმნილი ღალატის კომისია, რომლის წევრებიც, მისივე განცხადებით, დაისჯებიან. 

"ამ კომისიის შექმნის დღიდან ნათელი იყო, რომ ეს არის ეროვნული ღალატის კომისია. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია [...] ეს არის რუსული ამოცანებისა და რუსული მიზნების შესასრულებლად, პუტინის, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული, ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოსა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე. ღალატის კომისიის ყველა წევრი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება და ეს ძალიან მალე მოხდება, ქართველი ხალხის მიერ მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მშვიდობიანი რევოლუციით მოვიტანთ [...] 

რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა, თეა წულუკიანმა, ქართველ ხალხთან ერთად საქართველოსთვის ცვლილებებს სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოიტანს [...] დღევანდელი დასკვნა ჩვენს საერთო ბრძოლას ვერაფერს დააკლებს. ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა - სამშობლოს მოღალატეების განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობასაც ქართველი ხალხი აუცილებლად დაამხობს". - თქვა ბოკუჩავამ პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, 4 აგვისტოს, წულუკიანის კომისია მათ მიერ მომზადებულ 430 გვერდისგან შემდგარ დასკვნის პროექტს განიხილავს და კენჭს უყრის. 

თეა წულუკიანის თქმით, დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გასაჯაროვდება.

კომენტარები