შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული გ.ყ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ე.ვ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართვალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის სარგებლობაში არსებული სასაწყობე ფართის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: მეთადონი, გამომშრალი მარიხუანა, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი მასა და მცენარე კანაფი.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დათესვა-მოყვანისთვის საჭირო მასალები" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.





