72 წლის ასაკში ნიდერლანდელი ჟურნალისტი, გამოცემა The Moscow Times-ის დამფუძნებელი დერკ საუერი გარდაიცვალა.
სიკვდილის მიზეზი ერთი თვის წინ, გემით ცურვის დროს მიღებული ტრავმა გახდა.
საუერმა ახალგაზრდობა ნიდერლანდებში გაატარა. 1989 წელს ცოლთან, ელენ ვერბეკთან ერთად მოსკოვში გადასახლდა.
1992 წელს საუერმა ინგლისურენოვანი მედია The Moscow Times დაარსა. მისი ხელმძღვანელობით გამოცემა სანდო დამოუკიდებელი ინფორმაციის წყარო გახდა, რომელსაც მილიონობით მკითხველი ჰყავდა.
იმავე წელს, პარტნიორ ანემარი ვან გაალთან ერთად დაარსა კომპანია Independent Media, რომლის მეშვეობით რუსულ ენაზე გამოიცა ისეთი ჟურნალები და გაზეთები, როგორებიც არის Cosmopolitan, Playboy, FHM, Harper's Baazar, Good Housekeeping, Esquire და Men's Health.
1999 წელს საუერმა კიდევ ერთი რუსული მედია ვედომოსტი დააფუძნა. იმავე პერიოდში იკავებდა გამოცემა RBC-ის დირექტორის თანამდებობას.
The Moscow Times დამფუძნებელმა 2005 წელს გაყიდა, მაგრამ 2017 წელს უფლებები გამოისყიდა და გამოცემა ონლაინ მედიად აქცია. გაზეთის ოფისი 2022 წლამდე რუსეთში იყო, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რედაქცია ამსტერდამში გადავიდა.
საუერის დახმარებით რელოკაცია შეძლეს მსხვილმა რუსულმა ოპოზიციურმა მედიებმა Dozhd და Medusa.





