აშშ-მ ბრაზილიას დამატებით 40%-იანი ტარიფები დაუწესა, რის შედეგადაც ბრაზილიის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფები იმოქმედებს.
თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება ნაწილობრივ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას უკავშირდება.
"განკარგულება ადგენს, რომ ბრაზილიის მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა, დაშინება, შევიწროვება, ცენზურა და ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროსა და მისი ათასობით მხარდაჭერის სამართლებრივი დევნა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებია, რომლებმაც ბრაზილიაში კანონის უზენაესობას ძირი გამოუთხარეს". - წერია განცხადებაში.
აღმასრულებელი განკარგულება არ შეეხება რიგ საკვანძო საქონელს, რომელიც ბრაზილიიდან აშშ-ში გადის, მათ შორის, ფორთოხლის წვენს, რიგ თვითმფრინავებსა და მერქანს.
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ალექსანდრ დე მორაესს, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ საქმეს განიხილავს, მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა
ცნობისთვის, 10 ივლისს ტრამპმა წერილი გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ბრაზილიისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავდა.
წერილში ტრამპი ბრაზილიას აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებზე "თავდასხმებში" და ყოფილი მემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. ბოლსონაროს წინააღმდეგ ამჟამად 2022 წლის არჩევნების შედეგების გასაუქმებლად დაგეგმილ შეთქმულებაში მისი სავარაუდო როლზე სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.
წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ 50%-იანი ტარიფი "მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილი მძიმე უსამართლობების გამოსასწორებლადაა აუცილებელი". მან განაცხადა, რომ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს დაავალებს, ე.წ. ბრაზილიის ციფრული ვაჭრობის პრაქტიკებთან დაკავშირებით "301 გამოძიება" დაიწყოს.
ტრამპი წერილში ბრაზილიის მთავრობას ასევე "თავისუფალი არჩევნებისა და ამერიკელების ფუნდამენტური სიტყვის თავისუფლების უფლებების მზაკვრულ დევნაში" ადანაშაულებს, მათ შორის აშშ-ს სოციალური მედიაპლატფორმების ცენზურაში.
აშშ-ს პრეზიდენტის კომპანია Trump Media, რომელიც მართავს მის Truth Social პლატფორმას, იმ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორისაა, რომლებიც ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებიან - მათ შორის სოციალურ ქსელებში ანგარიშების დაბლოკვის ბრძანებებს.
ბრაზილიამ ასევე დროებით აკრძალა ილონ მასკის კომპანია X, მას შემდეგ, რაც პლატფორმამ უარი თქვა ანგარიშების დაბლოკვაზე, რომლებიც ბრაზილიის მოსაზრებით 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
გასულ თვეში, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სოციალური მედიის კომპანიები შესაძლოა პასუხისმგებლად სცნონ იმ კონტენტზე, რომელიც მათ პლატფორმებზე იდება.





