აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთს 1-ელი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებსა ჯარიმას დაუწესებს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს შესაძლო ჯარიმაში.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ინდოეთს ზედმეტად მაღალი ტარიფები აქვს, რუსულ სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს და ჩინეთთან ერთად რუსული ენერგიის უმსხვილესი შემსყიდველია.
ამის შესახებ ტრამპი თავის Truth Social-ზე წერს.
"გახსოვდეთ, მართალია, ინდოეთი ჩვენი მეგობარია, თუმცა წლების განმავლობაში მათთან შედარებით ნაკლები ბიზნეს საქმიანობა გვქონდა, რადგან მათი ტარიფები ზედმეტად მაღალია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ყველაზე მეტად დაძაბული და გამაღიზიანებელი არაფულადი სავაჭრო ბარიერები აქვთ. ამასთან, ისინი თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის უმეტესობას ყოველთვის რუსეთისგან ყიდულობდნენ და ჩინეთთან ერთად რუსული ენერგიის უმსხვილესი მყიდველები არიან იმ დროს, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობა შეწყვიტოს - ეს ყველაფერი კარგი არ არის! შესაბამისად, ინდოეთი პირველი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, პლუს ჯარიმას ზემოხსენებულისთვის". - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთის გარდა ტრამპი 1-ელი აგვისტოდან ტარიფების დაწესებით სხვა მრავალ სავაჭრო პარტნიორს დაემუქრა, მათ შორის, ევროკავშირს, მექსიკას, კანადასა და ბრაზილიას.
- ტრამპმა გამოაცხადა, რომ EU-სა და მექსიკას 30%-იან ტარიფებს დაუწესებს
- ტრამპი კანადას 35%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება
- ტრამპი ბრაზილიისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
მოგვიანებით, 27 ივლისს აშშ-მ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ტრამპის თქმით, შეთანხმება ევროკავშირიდან აშშ-ში შემოტანილი პროდუქტების უმეტესობისთვის, მათ შორის ავტომობილებისთვის 15%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეთანხმების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გარკვეული პროდუქცია - როგორიცაა თვითმფრინავები და მათი კომპონენტები, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება და ფარმაცევტული საშუალებები - ტარიფებს არ დაექვემდებარება.
მან ასევე განაცხადა, რომ ახალი 15%-იანი ტარიფი უკვე მოქმედ ტარიფებს არ დაემატება.





