რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანასა და მათ სახელმწიფოებრიობაზე ილაპარაკა.
აქამდე პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ხომ არ მიაჩნია, რომ "პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენებენ".
ზატულინმა ტაჯიკეთზე თქვა, რომ ის, საკუთარი ბიუჯეტით, რუსეთზეა დამოკიდებული და მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭებას არ აპირებენ. უზბეკეთთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ურთიერთობის ყველასთან "დალაგებას ცდილობს", თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდა. რუსმა დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა ყაზახეთთან დაკავშირებით.
"ყაზახეთთან ვითარება უფრო რთულადაა, რადგან აქ სამეზობლო პრობლემებს გვიქმნის, რადგან ყაზახეთში იზრდება ახალი თაობა, რომელსაც თავში ჩაბეჭდილი აქვს, რომ ყაზახეთი, უკრაინულად როგორც იტყვიან, "понад усе" - უპირველეს ყოვლისა. понад усе - ეს ყაზახურად არაა, მაგრამ ცხადია, რომ ყაზახურად მე არ ვიტყვი. ხალხი სავსებით დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ თქვა, რომ საერთოდაც ყაზახეთი, როგორც პროტოსახელმწიფო, როგორც რესპუბლიკა პირველად საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა, გეტყვიან: აჰ... თქვენ ჩვენ გვამცირებთ. მომისმინეთ, არავის ჩვენ არ ვამცირებთ. ჩვენ ამ შემთხვევაში უბრალოდ ვამბობთ ისტორიულ ფაქტებს, სხვა არაფერი." - თქვა ზატულინმა.
რუსეთის დუმის დეპუტატმა დაამატა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების უმრავლესობა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ არსებობდა, საქართველო კი, როგორც სახელმწიფო, ბოლოს თამარ მეფის პერიოდში არსებობდა.
"ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში არსებული სახელმწიფოების უმრავლესობა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ხომ არასდროს არსებობდნენ... არასდროს არსებობდნენ, შორეული პერიოდის გარდა, ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი. აი, საქართველო სწორედ ისეთ საზღვრებში, როგორშიც შემდეგში საქართველოს სსრ იყო, მხოლოდ დედოფალი თამარის დროს არსებობდა. ანუ, ეს საერთოდაც XII-XIII საუკუნის საზღვარია." - თქვა ზატულინმა.
"გასაგებია, რომ დამოუკიდებლობის იდეა ყველაზე მეტად პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას აღაფრთოვანებს. მათ არ სურთ მეორეხარისხნოვნება. არ სურთ ნებართვის აღება, ვაშინგტონში წავიდნენ თუ არა." - უპასუხა ზატულინმა პროპაგანდისტი ჟურნალისტის შეკითხვას, "ყიდიან თუ არა" დამოუკიდებლობის იდეას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.





