ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის მერიის ა(ა)იპი ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნათია სვანიძე დააკავა, რომელიც თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"ნ.ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და და მასთან არსებული ერთერთი ანსამბლი.
ბრალდებულმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის ათი დღით ქირავნობით დაინტერესებულ ერთერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარი, დაკავებულის მოთხოვნით, 5 000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო აიპის ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის.
დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით, ნ.ს-მ დაამზადა ორი ხელშეკრულება, ერთი ფართის ქირავნობის, ხოლო მეორე - ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით, ნ.ს დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის, 7 000 ლარის აღების ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით.
საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე" - განაცხადა ბრიფინგზე გამომძიებელმა თეონა დევდარიანმა.





