შსს-ს ცნობით, ბათუმში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულების სახლების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის კოკაინიც ამოიღეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 21 ივლისს, ღამის საათებში, მანქანით გადაადგილებისას ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაზინოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად დაზიანდა კაზინოს კარი და ფასადის ნაწილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი". - წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება და განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





