უკრაინა

ზელენსკი: ანტიკორუფციული ბიურო იმუშავებს, თუმცა რუსული გავლენის გარეშე

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ)  და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (САП) შესახებ მიღებულ კანონპროექტზე ილაპარაკა და თქვა, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმუშავებს, თუმცა რუსული გავლენის გარეშე.

ზელენსკის თქმით, რუსული გავლენისგან ყველაფრის გაწმენდა არის საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულისთვის სასჯელი გარდაუვალი იყოს, ხოლო ამას საზოგადოება ნამდვილად ხედავდეს. 

"ველაპარაკე НАБУ-ს ხელმძღვანელს, სემიონ კრივონოსოვს,САП-ის პროკურორს, ალექსანდრ კლიმენკოს, გენერალურ პროკურორს, რუსლან კრავჩენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს - სხვადასხვა გამოწვევები, ჩვენ ეს ყველაფერი განვიხილეთ. 

ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, თუმცა რუსული გავლენის გარეშე - ამისგან ყველაფრის გაწმენდა არის საჭირო და მეტი სამართლიანობა უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, НАБУ და САП იმუშავებენ და მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურორი მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინაში რეალურად უზრუნველყოფილი იყოს მათი გარდაუვალი სასჯელი, ვინც კანონს არღვევს. ეს ნამდვილად საჭიროა უკრაინისთვის. საქმეები, რომლებიც შემოდებული იყო, გამოძიებული უნდა იქნას.

წლების განმავლობაში, ჩინოვნიკები, რომლებიც უკრაინიდან გაიქცნენ, რატომღაც მშვიდად ცხოვრობენ საზღვარგარეთ ძალიან სასიამოვნო ქვეყნებში და სამართლებრივი შედეგების გარეშე. ეს არანორმალურია. არ არსებობს რაციონალური ახსნა, თუ რატომ არის თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მილიარდებს ეხება. არ არსებობს არანაირი ახსნა, თუ რატომ შეუძლიათ რუსებს კვლავ მიიღონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ რუსების გარეშე იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი გარდაუვალი იყოს და საზოგადოება ამას ნამდვილად ხედავდეს". - თქვა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.

ცნობისთვის, ახალი კანონი, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ივლისს მიიღო, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოძიებებში. 

კანონპროექტს რადაში მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 13-მა მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. კანონის მიღების შემდეგ უკრაინის დიდ ქალაქებში - კიევში, ლვოვში, დნიპროსა და ოდესაში - საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები ზელენსკის მოუწოდებდნენ, ვეტო დაედო ახალი კანონპროექტისთვის. 

ახალი კანონპროექტით, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება, მითითებები მისცეს უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს. ამასთან, კანონპროექტი გენერალურ პროკურორს სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის ძალაუფლების სხვა პროკურორებზე დელეგირების საშუალებასაც მისცემს.

ამას გარდა, ახალი კანონპროექტით უკრაინის გენერალურ პროკურორს შეეძლება, NABU-ს გამოძიებები დაცვის მხარის მოთხოვნით დახუროს. 

უკრაინული მედიის თქმით, დამკვირვებლების გაფრთხილებით, კანონპროექტში შეტანილი შესწორებები ხელს შეუშლის ორი სააგენტოს მხრიდან უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ან მთავრობის წარმომადგენლების საქმეების გამოძიებას. 

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რადაში კენჭისყრის გამართვამდე განაცხადა, რომ შეტანილი ცვლილებები ტოლფასი იქნება "NABU-სა და SAPO-ს განადგურებისა და მათი საქმიანობის ფაქტობრივად გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარების".

"ეს რეალურად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობის დასასრულია," განაცხადა SAPO-ს თავმჯდომარემ, ოლექსანდრ კლიმენკომ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, NABU-ს დირექტორმა სემიონ კრივონოსმა ხსენებული კანონპროექტი დაგმო და დაამატა, რომ ის საფრთხეს უქმნის უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. კენჭისყრის შემდეგ კი მან იმედი გამოთქვა, რომ ზელენსკი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. 

აღნიშნულ კანონპროექტს X-ზე ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, რომელმაც რადას გადაწყვეტილება მკაფიოდ გააკრიტიკა და კანონპროექტს "უკან გადადგმული ნაბიჯი" უწოდა. 

"NABU-ს [ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს] დამოუკიდებლობის დამცავი მთავარი მექანიზმების გაუქმება სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია.

დამოუკიდებელი ორგანოები, როგორებიცაა NABU & SAPO, არსებითი მნიშვნელობის არიან ევროკავშირში უკრაინის გზისთვის. კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში რჩება." - დაწერა კოსმა. 

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) და უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ "ეროვნულ ანტიკოურფიცულ ბიუროზე (НАБУ) რუსული გავლენის ნეიტრალიზაციის" მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარეს

კომენტარები