უკრაინა

უკრაინაში ანტიკორუფციული სისტემის წინააღმდეგ რადაში მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებენ

მედიის ინფორმაციით, უკრაინის დიდ ქალაქებში - კიევში, ლვოვში, დნიპროსა და ოდესაში - საპროტესტო აქციები დაიწყო რადაში მიღებული კანონპროექტის გამო, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.

"როგორც იცით, დღეს უმაღლესმა რადამ მიიღო ცვლილებები, რომელიც ანტიკორუფციული სისტემის დამოუკიდებლობას გაანადგურებს. ხალხთა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ NABU და SAPO გენერალურ პროკურორს უნდა დაუქვემდებარონ. ასე რომ, აიღეთ მუყაო ყუთებიდან და პოსტერები დაამზადებთ, რომელზეც დაწერთ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ ბოლო დროს ანტიკორუფციულ სისტემაზე თავდასხმის შესახებ" - განაცხადა უკრაინული მედია Суспільне-ის კორესპონდენტმა Facebook-ზე.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება საპროტესტო აქციების ვიდეოებიც: 

ცნობისთვის, უკრაინელი დეპუტატების მიერ მიღებული კანონპროექტი ქვეყნის გენერალურ პროკურორს ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (NABU) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (SAPO) მიერ ჩატარებულ გამოძიებებში.  

კანონპროექტს მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 13-მა მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს, თუმცა მას ვეტოს დადების უფლებამოსილებაც გააჩნია. 

ახალი კანონპროექტით, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება, მითითებები მისცეს უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს. ამასთან, კანონპროექტი გენერალურ პროკურორს სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის ძალაუფლების სხვა პროკურორებზე დელეგირების საშუალებასაც მისცემს.

ამას გარდა, ახალი კანონპროექტით უკრაინის გენერალურ პროკურორს შეეძლება, NABU-ს გამოძიებები დაცვის მხარის მოთხოვნით დახუროს. 

უკრაინული მედიის თქმით, დამკვირვებლების გაფრთხილებით, კანონპროექტში შეტანილი შესწორებები ხელს შეუშლის ორი სააგენტოს მხრიდან უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების ან მთავრობის წარმომადგენლების საქმეების გამოძიებას. 

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რადაში კენჭისყრის გამართვამდე განაცხადა, რომ შეტანილი ცვლილებები ტოლფასი იქნება "NABU-სა და SAPO-ს განადგურებისა და მათი საქმიანობის ფაქტობრივად გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარების".

"ეს რეალურად ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობის დასასრულია," განაცხადა SAPO-ს თავმჯდომარემ, ოლექსანდრ კლიმენკომ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, NABU-ს დირექტორმა სემიონ კრივონოსმა ხსენებული კანონპროექტი დაგმო და დაამატა, რომ ის საფრთხეს უქმნის უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. კენჭისყრის შემდეგ კი მან იმედი გამოთქვა, რომ ზელენსკი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. 

აღნიშნულ კანონპროექტს X-ზე ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, რომელმაც რადას გადაწყვეტილება მკაფიოდ გააკრიტიკა და კანონპროექტს "უკან გადადგმული ნაბიჯი" უწოდა. 

"NABU-ს [ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს] დამოუკიდებლობის დამცავი მთავარი მექანიზმების გაუქმება სერიოზულად უკან გადადგმული ნაბიჯია.

დამოუკიდებელი ორგანოები, როგორებიცაა NABU & SAPO, არსებითი მნიშვნელობის არიან ევროკავშირში უკრაინის გზისთვის. კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში რჩება." - დაწერა კოსმა. 

კომენტარები