თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელიც 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ, მათ შორის, რუსი სპორტსმენები, რომლებსაც სამხედრო წოდებები აქვთ და კრემლთან დაახლოებულები პირები არიან.
ფარიკაობის ჩემპიონატში ჯამში 121 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, რუსეთის არმიის მაიორი, სოფია ველიკაია, ლეიტენანტის წოდების მქონე იანა ეგორიანი და პრაპორშჩიკის წოდების მქონე ოლგა ნიკიტინა.
FIE-მ რუს და ბელარუსელ მოფარიკავეებს ჯგუფურ ღონისძიებებში მონაწილეობის ნებაც დართო. მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთიდან და ბელარუსიდან ჯამში 40 წარმომადგენელი იქნება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მსოფლიო სპორტულ ღონისძიებებში რუსეთისა და ბელარუსიის მონაწილეობას კრძალავს - რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით არის დაშვებული. თუმცა, თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატამდე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) ნეიტრალური სტატუსის მიღება გაამარტივა და შემოწმების პროცესი გააუქმა.
FIE-ს ახალი პოლიტიკით, ნეიტრალური სტატუსის მოსაპოვებლად მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ნეიტრალურობის განცხადებისთვის ხელმოწერა არის საჭირო. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ IOC-ის პოლიტიკა ნეიტრალური სტატუსის შესახებ რუსეთისა და ბელარუსიის არმიასთან კავშირის მქონე სპორტსმენებს გამორიცხავს, FIE-მ რუსეთის არმიასთან კავშირების მქონე სპორტსმენებისთვის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა შესაძლებელი გახადა.
ცნობისთვის, ფედერაციის პოლიტიკის პროტესტის ნიშნად უკრაინელმა მოფარიკავემ, ოლჰა ხარლანმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ ბაზაძემ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ.
"გთხოვთ, რომ პოლიტიკაში ნუ გამრევთ, მე ვარ სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი, აღნიშნული ღონისძიება დაგეგმა და ვალდებულება მოგვცა საერთაშორისო ფედერაციამ და საერთაშორისო ფედერაციის წესდებით მე ვალდებული ვარ, რომ მივიღო მტერიც, მოყვარეც, კარგიც, ცუდიც [...] ვთანხმდებით, რომ ოკუპირებული აქვს [რუსეთს] ჩვენი ტერიტორიები, ამაზე არც ერთი ქართველი არ იტყვის უარს [...] საერთაშორისო ფედერაციის პრეროგატივაა [...] ჩემი აზრი ის არის, რომ მე უნდა ვუმასპინძლო. [...] სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ. [...] ვიცი, რომ სამხედრო წოდებები აქვთ, მაგრამ აღნიშნულ სპორტსმენებს ვიცნობ ძაან ბევრი წლებია, არიან წარმატებული სპორტსმენები და ავტომატით ხელში არ მინახია. [...] სპორტი ვართ ჩვენ, პოლიტიკაში არ ვერევით და არ უნდა ჩავერიოთ, ჩვენ გვრევენ, ცდილობენ, რომ ჩაგვრიოთ, მაგრამ არ ჩავერევით". - თქვა ბაზაძემ.





