რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა "პასუხის გაცემით" იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ "იაპონიის სარაკეტო თავდაცვაში" მოსკოვი ახალ საფრთხეებს შეამჩნევს. ამის შესახებ ზახაროვამ "იაპონიის თავდაცვის" ყოველწლიური თეთრი წიგნის შესახებ რეპორტიორის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
"ჩვენ ჯერ კიდევ შევისწავლით გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც, როგორც ვიცით, იაპონიის მთავრობის მიერაა დამტკიცებული და მაშასადამე, ოფიციალური სტატუსი გააჩნია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სარაკეტო თავდაცვის ნაწილს," თქვა ზახაროვამ.
ის ასევე დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ჩვენ აღმოვაჩენთ ნებისმიერი სახის რისკს ან გამოწვევას ამ სფეროში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების მიმართ, ამას ცალკე გავცემთ პასუხს."
ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა იაპონიის მთავრობას ბრალი დასდო უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის მზარდ თანამშრომლობასთან დაკავშირებით "კლიშეებით სავსე მინიშნებების" განმეორებაში. ზახაროვას მტკიცებით, იაპონია "წარმოსახვით საფრთხეებს აღიქვამს" რუსული საფრთხის კუთხით.
"ამ თვალსაზრისით, ჩვენ დიპლომატიური გზებით რეგულარულად ვაფრთხილებთ იაპონურ მხარეს, რომ ასეთი საგარეო პოლიტიკური კურსი არა მხოლოდ აშკარა საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ახალი შეიარაღებისკენ რბოლის გაღვივებით, არამედ ასევე არაპირდაპირი გავლენა აქვს ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც უკვე რთულ ფაზაშია," აღნიშნა ზახაროვამ.





