გაერთიანებული სამეფო-გერმანია

გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გააფორმეს

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი

17 ივლისს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა "კენსინგტონის ხელშეკრულება" გააფორმეს, რომელიც ბრიტანეთსა და გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. 

ლონდონში კანცლერის რანგში თავისი პირველი ვიზიტისას მერცმა ხელმოწერილი ხელშეკრულება ისტორიულად შეაფასა.

Reuters აღნიშნავს, რომ ეს ბრიტანეთსა და გერმანიას შორის პირველი ფართომასშტაბიანი ორმხრივი შეთანხმებაა, რომელიც მიზნად თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს.

"ჩვენ ვხედავთ იმ გამოწვევების მასშტაბს, რომლებიც დღეს ჩვენი კონტინენტის წინაშე დგას და მათთან პირდაპირი დაპირისპირება გვაქვს განზრახული. კენსინგტონის ხელშეკრულება - ეს ჩვენი საერთო მიზნებისა და ღირებულებების გამოხატულებაა. მაგრამ უფრო მეტიც: ეს არის პრაქტიკული სამოქმედო გეგმა, რომელიც 17 მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს, რომლებშიც რეალური შედეგების მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას გააუმჯობესებს" - განაცხადა სტარმერმა საერთო პრესკონფერენციაზე.

"ჩვენ, ახალი ლიდერობის შესაძლებლობებით, გაერთიანებული სამეფო და გერმანია გვერდიგვერდ, მზად ვართ ამ ახალ ეპოქას საფუძველი ერთად ჩავუყაროთ" - განაცხადა მერცმა.

ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი უკრაინის საერთო მხარდაჭერას ეხება.

მერცის თქმით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრთან ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა უკრაინის შორი რადიუსის შეტევითი შესაძლებლობების საჭიროება იყო "და უკრაინა არსებით დამატებით მხარდაჭერას ამ მიმართულებით მალე მიიღებს".

კომენტარები