გაერთიანებული სამეფო-გერმანია

Politico: გერმანია და ბრიტანეთი ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულების დასადებად ემზადებიან

REUTERS/Annegret Hilse/File Photo

გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებული სამეფო და გერმანია ფართომასშტაბიანი ხელშეკრულების დადებას აპირებენ, რომელიც, მათ შორის, რომელიმე ქვეყნის წინაშე საფრთხის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პუნქტსაც მოიცავს.

Politico-ს ორი წყაროს თქმით, ხელშეკრულების ტექსტი თითქმის დასრულებულია და, სავარაუდოდ, 17 ივლისს გაფორმდება. 

გამოცემის მიხედვით, დოკუმენტის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი გულისხმობს, რომ ერთი ქვეყნის წინაშე არსებული სტრატეგიული საფრთხე მეორე ქვეყნისთვისაც საფრთხედ იქნება მოაზრებული. Politico წერს, რომ ეს დებულება გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიას შორის გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დადებულ შეთანხმებას ეფუძნება, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

Politico აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში, სავარაუდოდ, მოცემული იქნება, რომ ორივე ქვეყანა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მიმართ კვლავ ერთგულია, თუმცა ურთიერთდახმარების პუნქტი ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების ძალისხმევას, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გააძლიერონ.

გამოცემის თანახმად, დოკუმენტში ასევე მოცემული იქნება ზომები უკანონო მიგრაციის, ტრანსპორტის, კვლევებისა და ინოვაციის შესახებ. 

გერმანიის საგარეო საქმეთა უწყებამ Politico-სთან განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთლიან დიაპაზონს შეეხება. 

გამოცემა წერს, რომ ხელშეკრულება გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოლაპარაკებების 18 რაუნდის შედეგია.

მანამდე, სტარმერმა და გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია გააკეთეს.

კომენტარები